მაია ცქიტიშვილი რურუას საქმეზე: პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ

ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა გიორგი რურუას განაჩენზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს. შესაბამისად, გვქონდა საშუალება გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, მას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის მათი აზრი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა  და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული