ადვოკატი- ლ.შ-ს ძალადობის ორგანიზება არ მოუხდენია

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძალადობის ორგანიზება არ მოუხდენია და არც მასში მიუღია მონაწილეობა.

გვიშიანი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლ.შ.-ს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. რაც შეეხება მის მონაწილეობას და აქტივობას ამ საქმეში, ის აგარაკზე მომხდარი ჩხუბის დროს იღებს დაზიანებებს, შემდეგ კი, მცირედი მონაწილეობა მიიღო, როცა “მერსედესის” მარკის ავტომობილის მხრიდან მოხდა ძალადობა.

ამის შემდეგ ლ.შ მანქანის გარეშე დარჩა, შესაბამისად, თბილისის მიმართულებით ვერ გადაადგილდებოდა, აგარაკზე მიბრუნება სურდა, მაგრამ იუბილარისგან უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ის გზის მეორე მხარეს და ცდილობდა თბილისში “ავტოსტოპით” დაბრუნებას. მას არანაირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა არ დაუგეგმავს.

საქმეში წარმოდგენილია 2 მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ წამოიყვანეს ლ.შ. “ავტოსტოპით”, – აცხადებს გვიშიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული