ბრაზილიის პრეზიდენტი: სამწუხაროდ, კორონავირუსით ყველა დაავადდებით

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, აცხადებს, რომ ინფექციას ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა და კოვიდ19 ყველას დაემართება. პრეზიდენტის სიტყვებს გამოცემა Folha de Sao Paulo ციტირებს.

„მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც შემეყრებოდა, სამწუხაროდ, ვფიქრობ, ყველა თქვენგანი ადრე თუ გვიან, ამ ინფექციით დაავადდებით“,-განაცხადა მან. ბრაზილიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რისკის ჯგუფშია. მან წუხილი გამოთქვა კორონავირუსით გარდაცვლილების გამო. „მაგრამ რას ვიზამთ, ხალხი ყოველდღე იღუპება სხვადასხვა მიზეზით, ესაა ცხოვრება“,-განაცხადა მან.

ბოლსონარუმ 7 ივლისს განაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადდა, 25 ივლისს კი მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა. 

მანამდე, 65 წლის პრეზიდენტი კორონავირუსის არსებობას უარყოფდა. შემდეგ კი, უარი თქვა ინფექციასთან ბრძოლისთვის რაიმე სერიოზული ზომების მიღებაზე.

ბრაზილია კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვით აშშ-ს შემდეგ მე-2 ადგილზეა. ქვეყანაში 2,6 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1,9 მილიონი გამოჯანმრთელდა, 92 000 კი, გარდაიცვალა. 

Facebook Comments

ახალი დადებული