რეზო რეხვიაშვილი: უცებ მდინარე დაშრა, ფსკერი გამოჩნდა თევზების ბრჭვიალით

რეზო რეხვიაშვილი, რომელსაც რაჭაში ყოფნის დროს სტიქიამ მოუსწრო, სოციალურ ქსელში საკუთარი თვალით ნანახს აღწერს:

„რაჭის სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ სოფელში, ღებში ვარ ჩაკეტილი ეს დღეები. შედეგები ჩემზე კარგად გეცოდინებათ (ყველანაირ ვაკუუმში ვართ), ამიტომ ერთს ვიტყვი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც ჩემი თვალით ვნახე.

სადაც ვცხოვრობ, რიონი 100-120 მეტრში ჩამოდის. ასე, საღამოს 7 საათია და მაგარი თქეში წამოვიდა უცებ, როგორც იცის მთაში. შემოვედით სახლში და გადავყურებ რიონს. ერთ საათში უცებ მდინარე დაშრა, ფსკერი გამოჩნდა თევზების ბრჭვიალით.

ჰალუცინაციები ხომ არ დამეწყო მეთქი, ვიფიქრე. ჩემმა მეგობარმა, ვისთანაც ვცხოვრობ, ეტყობა შემატყო და დურბინდი მომაწოდა, თან მეუბნება, ცოტა იქით გახედეო.. თურმე რა ხდება: ერთ-ერთი შესართავი ადიდდა და რიონი დააგუბა და დააშრო. ნახევარი საათის შემდეგ გაარღვია რიონმა ეს ბუნებრივად შექმნილი დაგუბება, წამოვიდა გაცოფებული და დაიწყო რაც დაიწყო, რისი აღწერაც უკვე ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

ერთს ვიტყვი მხოლოდ. ამ მდინარესთან და საერთოდ ამ მხარესთან ხუმრობა არ შეიძლება. იმდენი შეუკიკინეს თავიანთი მცირე ჰესებით, სანამ არ მიიღეს ასეთი დამანგრეველი პასუხი. ვის ტვინში მოიხარშა ერთი ამ სამოთხისდარი მთის რაჭის ინდუსტრიულ ზონად გადაქცევა, საინტერესოა.

p.s. ბევრმა ჩემმა მეგობარმა იცის, თუ რატომ ვარ აქ. ამიტომ დავამატებ, მერე უხერხული კითხვები რომ არ გაჩნდეს.. მეც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოებულ სამუშაოებში ვმონაწილეობ, რომელსაც რიონის სათავესთან წმინდა გიორგის სალოცავის ქვემოთ დაკიდული ხიდი უნდა აეგო. აგრეთვე ნაპირსამაგრი ჯებირები. ასე რომ ამ ღვთის რისხვის გამოწვევაში.დიდება მის სახელს, წილი არ მიდევს.
გენერატორით მოცემული შუქიც წავიდა, ისევ წვიმს…“,-წერს რეზო რეხვიაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული