სახეზეა მთლიანი საინფორმაციო ბადის გადართვა “ჟურნალისტურ გამოძიებაზე” და რეზონანსული საქმეების გამოძიების იმიტაციაზე

ოპოზიციური მედია ტრიუმვირატის ბოლო პერიოდის რეპორტაჟებიდან, ფაქტიურად სახეზეა მთლიანი საინფორმაციო ბადის გადართვა “ჟურნალისტურ გამოძიებაზე”, სადაც ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობს რამდენიმე მართლა რეზონანსული საქმის გამოძიების იმიტაცია,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე წერს.

მისი თქმით, ოპოზიციური მედია მასებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს და ცდილობს, დანერგოს მომავლის შიში.

„ოპოზიციური ტელემედიის მასებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ეფექტიც ეგ არის-აირჩიეთ “ქართული ოცნება” როგორც გაურკვეველი მომავლის უკმარისობის ქიმერა და მომავლის შიში, თუ მკაცრი კონტროლი და წესრიგი, თუნდაც ცალკეული “ფატალური შემთხვევების” სანაცვლოდ!

რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ოპოზიციური მედია ტრიუმვირატის ბოლო პერიოდის რეპორტაჟებიდან, ფაქტიურად სახეზეა მთლიანი საინფორმაციო ბადის გადართვა “ჟურნალისტურ გამოძიებაზე”, სადაც ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობს რამდენიმე მართლა რეზონანსული საქმის გამოძიების იმიტაცია.

აქ მთავარი საკითხია არა ის, რომ მედია ჟურნალისტიკა რამდენად უფრო კვალიფიციურია მთელ შინაგან საქმნეთა სამინისტროზე, არამედ სხვა რამ-ვინ დაასწრებს თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ინფორმაციების გაჟღერებას. როდესაც ამ რეპორტაჟებს უყურებ, მედია მანიპულაციების აქტიური გამოყენებით, მათ შორის მათ მიერვე ექსკლუზიურად მოპოვებული მასალების ჩათვლით, სახეზეა იმის მტკიცებულებათა ფაბულა, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც არა აქვთ არანაირი იურიდიული განათლება , ყველაფერში ასწრებენ შსს-ს მთელ აპარატს, მათი საგამოძიებო სტრუქტურის იურიდიული კვალიფიკაციის ჩათვლით.

მაგრამ მთავრი არის მოტივაცია, თუ რა არის ამ ჟურნალისტური გამოძიებების მიზანი- სიმართლის დადგენა, გამოძიების მხარდაჭერა, ახალი სკანდალის აგორება თუ …

მსგავსი სკანდალური საქმეები დასავლეთში არაერთი ყოფილა, თუნდაც სულ ახალი ეპშტეინის საქმე ან ადრე უოტერგეიტის სკანდალი, რასაც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა მოპყვა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში თავად ეს ჟურნალისტური გამოძიება წმინდა პოლიტიკური დაკვეთის რანგში არა გასულა.

ქართული მედია ტრიუმვირატის ჟურნალისტური გამოძიების პლათფორმა და შინაარსი კი საწინააღმდეგოზე მიუთითებს. ყველა ეს არხი ცალსახად არის დაკავშირებული არა უბრალოდ ოპოზიციურ მიმდინარეობასთან ან კრიტიკულ მედიასთან, არამედ ნაციონალური მოძრაობის და მისი ქვეგანაყოფების ფინანსურ და იდეოლოგიზირებულ მხარდაჭერასთან.

ფაქტია, რომ არც “ფორმულა”, არც “ტვ პირველი” და მით უმეტეს არც “მთავარი არხი” არ არის კრიტიკული მედია პლათფორმა, თავიანთი ფინანსური და იდეოლოგიური პლათფორმების გამო!

მათი ამ რეპორტაჟების არსიც ეგ არის, საზოგადოებაში შექმნას წინასაარჩევნო განწყობა, რომ თურმე არაიურისტი და გამოუცდელი ჟურნალისტები გაცილებით სამართლიანად და რაც მთავარია კვალიფიციურად ახდენენ საგამოძიებო პროცედურის წარმოებას, ვიდრე მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო!

ამ საგამოძიებო ნარატივის მიზანიც აქ არის გასაშიფრი, თუ ნაციონალების დროს ნულოვანმა ტოლერანტობამ და სისტემამ მოკლა სანდრო გირგვლიანი, დღეს ადამიანებს სრული განუკითხაობა, სისტემის უუნარობა და შერჩევითი სამართალი კლავს. სისტემა იმდენად არის მოშლილი და დემორალიზირებული, რომ ჟურნალისტები უთითებენ დანაშაულის შესაძლო კვალზე, ხოლო თუ იმ სისტემის “ხერხემალის” დროს დანაშაული მაინც ისჯებოდა, თუნდაც ქვედა დონეზე, რაზეც სპეციალურად ხდება აქცენტების გადატანა, დღეს არავინ არ არის დაზღვეული მსგავსი ფატალური და განუკითხაობისაგან.

ბიო პოლიტიკის, როგორც მასებზე ბიოლოგიური ინსტიქტების ზეგავლენის თვალსაზრისით, მედია მანიპულაციის მთავარი განზომილება და წინასაარჩევნოდ მასებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ეფექტიც ეგ არის-აირჩიეთ “ქართული ოცნება” როგორც გაურკვეველი მომავლის უკმარისობის ქიმერა და მომავლის შიში, თუ მკაცრი კონტროლი და წესრიგი, თუნდაც ცალკეული “ფატალური შემთხვევების” სანაცვლოდ!

იმედია ქართველმა ხალხმა ბევრი რამ ისწავლა წარსული მწარე გამოცდილებიდან და არც ბიოპოლიტიკის ამ ანკესზე წამოეგება!“,-წერს გოგიტა ცუცქირიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული