გიგა ბოკერია – „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში, თუმცა ეს ვერ მოხდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში, თუმცა „ეს ვერ მოხდება“.

როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „მძიმე შეცდომა დაუშვა“, როდესაც უარი თქვა რეგიონებში საერთო მაჟორიატრების კანდიდატების დაყენებაზე.

„თბილისის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. „ევროპული საქართველო“ ვთვლით, რომ რეგიონებში, საკვანძო ოლქებში, შეთანხმება იქნებოდა სწორი იმიტომ, რომ ეს შეამცირებდა იმის რისკებს, თუ როგორ მოიქცევა ივანიშვილისნაირი არასტაბილური რეჟიმი პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რამდენ შარში გახვევს ქვეყანას. ეს ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ყველა შემთხვევაში ის დამარცხდება, ოღონდ არის უფრო სარისკო სცენარები და ნაკლებად სარისკო და ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე შეცდომა დაუშვა, ამას ამომრჩეველი შეაფასებს, როცა ასეთ გონივრულ შეთავაზებაზე თქვა უარი იმ ილუზიით, რომ ისინი მარტო მოვლენ ხელისუფლებაში. ვერ მოვლენ მარტო, ეგ ვერ მოხდება. სამწუხაროა, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, მაგრამ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვაქვს კონსულტაციები“, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ვარდების რევოლუციის“ პრინციპებს გადაუხვია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ლიდერებთან მიმართებით, წარსულის გააზრებაში, გულწრფელად და სიღრმისეულად იმის გაგებაში, რომ დიდი საქმე გაკეთდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ რა იყო დიდი ჩავარდნა. ეს სადღეგრძელოდ კი არ უნდა თქვა, უნდა გესმოდეს, რა იყო არასწორი. ზოგჯერ სააკაშვილს და ამ ხალხს რომ ვუსმენ ხოლმე, მეც ეჭვი მეპარება, რომ სხვისკენ იშვერენ ხელს. ჩვენ ეგ გაგება არ გვაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ იმ პოლიტიკური წონით, ვინც ვიყავით გუნდში, ცუდზეც და კარგზეც ერთად გვაქვს პასუხისმგებლობა. ასე ვერ იტყვი, რომ ცუდი ვიღაცის ბრალი იყო. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ, ყველაფერზე გაქვს პასუხისმგებლობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია. იმის ახსნა ამომრჩევლისთვის, როგორ გააკეთებ ახლა განსხვავებულად, არის მნიშვნელოვანი. ესეც განგვასხვავებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ – წარსულის აღქმა და მომავლის ხედვა, მთავრობის როლის გაგებაც, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიც. ჩვენ სხვადასხვა ხედვა აღმოგვაჩნდა. ჩვენ „ვარდების რევოლუციის“ პრინციპებს ვაგრძელებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაუხვია სამწუხაროდ. „ვარდების რევოლუციის“ პრინციპებში ვგულისხმობ არა ზოგად პრინციპებს, არამედ დასავლური ტიპის მცირე მთავრობას და ლიბერალურ დემოკრატიას“, – განაცხადა ბოკერიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული