„მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც…“ – გოდერძი ჩოხელის წერილი საქართველოს მომავალს

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი, თავისი შემოქმედებით, ყველაზე სევდიან და ამავე დროს მართალ შემოქმედად არის მიჩნეული. მისი ნაწარმოებები, ადამიანთა განუზომელი სევდის მატარებელია. 2000 წლის მიწურულს, მწერალმა, 2025 წლის საქართველოს მომავალს, ასეთი წერილი მიუძღვნა:

-„აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. – რა იმედით?

– ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად.

ჯერჯერობით კი, სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული, ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში, ეშმაკის ტარტაროზებს. ასე ვხვდებით, მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.

კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ, დღევანდელი ქართველებიც, ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ, თუნდაც, სირცხვილის გამო – რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ? განა შეიძლება, ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!

ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების „დიდი” წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს… მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.

ჩემი შვილიშვილი, საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით.

მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: – მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში! მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: – ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, “ჟუვაჩკა” მიყიდე, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარულიო.

რა თქმა უნდა, ჩემ შვილიშვილს ის არ ეცოდინება და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის „ჟუვაჩკა”, ანდა, რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი, შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:

– მე სულაც არ მშია, მამიკო!

ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს, ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს.

ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე. იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს, საქართველოს უახლოეს ისტორიას, სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები, ალბათ, ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: – ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ, უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე, ჩემ შვილიშვილს, იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!

ის კი, იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება: – აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები! იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე? ვხედავ და ვერაფერს ვამბობ. მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს. მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

– ეს ქალაქი ვისია? – ჩემ და ჩემი ძმისია! კიდევ, კიდევ ვისია? – ჩემი შვილებისია! კიდევ, კიდევ ვისია? – ჩემი ძმიშვილისია! კიდევ, კიდევ ვისია? – ჩემი მძახლებისია! კიდევ, კიდევ ვისია? – ჩემი კლანებისია! საქართველო ვისია? – ალაგ-ალაგ სხვისია, დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია, მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!

ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს „ქალაქობანას” თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი „მოქალაქეები” საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს. ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი, მეშინია!

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული. მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ, როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემ საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: – აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები! ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!“.

გოდერძი ჩოხელი, 2000 წ.

Facebook Comments

ახალი დადებული