“როგორც ჩანს, სადღაც ასტრალში კიდევ ვხვდებით ერთმანეთს” – ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის გადაკვეთა კოლაბორაციაში

30 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს მხატვრების – ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის კოლაბორაციას სახელწოდებით “იზოლაციის კედელი”.

ცოლ-ქმარმა თვითიზოლაციის პერიოდში, სახლში განთავსებულ სახელოსნოში ათობით ტილო დახატა.  და ერთად თანაცხოვრების 37-ე წელს შემოქმედებაშიც შეკავშირდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სხვადასხვა ტიპის მხატვარია და შემოქმედებითი საერთო არ გააჩნიათ.

გია გუგუშვილი: – ამ სერიას “ბრტყელი სივრცე” ჰქვია. იზოლირებული ვიყავით, სივრცე არ გვქონდა. მივედით სიბრტყესთან და დავიწყეთ სივრცის ძებნა. ქეთის გამზადებულ ნამუშევარში მე ფერი შემქონდა. ასე დავიწყეთ ერთმანეთში “გადაძახილი”. ჩვენ ორ მხატვარს არაფერი არ გვაერთიანებს და ამ პანდემიის კოლაბორაციით გავერთიანდით.

ქეთი მატაბელი: – მუშაობის დროს კოლაბორაციის იდეა გაჩნდა, მე ვიწყებდი, გია ამთვარებდა. ბუნებრივად მოხდა. ეს ნამუშევრები აბსტრაქტული კი არის, მაგრამ სიმბოლოები მაინც იკვეთება.

პირველ ნამუშევარში მე და გიამ ერთი და იგივე სიმბოლოები წავიკითხეთ. ჯვარი და ეკლესია გამოისახა, შესასვლელით, ვიოლინოს გასაღები გამოიკვეთა. ფერები – თეთრი – სიწმინდის, ყვითელი – შუქის, წითელი სასიყვარული, მისტიური ვნებების. ორივეს ასეთი ახსნა გვქონდა. სიყვარულის ნამუშევარია, თავისით გამოგვივიდა, ქვეცნობიერიდან ამოსული.

ორივე მართლა სხვადასხვა მხატვრები ვართ, მაგრამ ბევრი რამ საერთო გვაქვს. ჩვენ არც შვილები გვგავს, ინდივიდუალურები არიან. ეს მიღწევაა ჩვენი.

ქორწინება ხომ საიდუმლოებაა, როგორც ჩანს, სადღაც ასტრალში კიდევ ვხდებით ერთმანეთს და იქ ხდება საიდუმლო გაცვლა-გამოცვლა. ეს საიდუმლოება ამ ნამუშევარში გამოჩნდა ჩემთვის.

მხატვარი არ უნდა გაჩერდეს, მეტამორფოზა უნდა გაიაროს. მიხარია, რომ ეს ამ გამოფენაზე მოხდა.

Facebook Comments

ახალი დადებული