თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთან დასრულდა.

როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ თეონა თამაზაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საელჩოს წარმომადგენელს საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ამასაც არ ველოდი, რომ საელჩოდან ვინმე წარმომადგენელი შემხვდებოდა. ავუხსენი ყველა დეტალი რა ხდება, როგორ ხდება და საერთოდ ვინ არის ჩარეული. ვუთხარი, რომ თუ არ იქნება ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობა, უფლებას ვიტოვებ, რომ მოვიდე აქ და შიმშილობა დავიწყო. სახელმწიფოსგან არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ სიმართლის დასადგენად ერთი აგური დავდე. პასუხია ის, რომ მთავრობის მხრიდან უნდა დადგეს საკითხი, რომ FBI ჩაერთოს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

მედიის კითხვაზე, კიდევ ეცდება თუ არა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვოს, გარდაცვლილი პროგრამისტის დედა აცხადებს, რომ შეხვედრას აღარ მოითხოვს.

„მე აღარ მოვითხოვ შეხვედრას, თვითონ თუ იქნება ამის სურვილი წინააღმდეგი არ ვიქნები“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება. შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის თხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გაიმართა.

Facebook Comments

ახალი დადებული