გიორგი ოთხმეზური „ცხინვალი 1920“-ის შესახებ – ამ ფილმის გადაღება აუცილებელია

ამ ფილმის გადაღება არათუ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია, – ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ქართველი ისტორიკოსებისა და მკვლევრების ინიციატივას, გადაიღონ ფილმი, რომელშიც 1920 წლის მოვლენების შესახებ რეალურ ფაქტებს მოუყრიან თავს.

იდეის ავტორების მიზანია, ფილმში – „ცხინვალი 1920“ – წარმოაჩინონ, თუ ვინ და რატომ ცდილობს ისტორიის გაყალბებას და 1920 წლის ბოლშევიკური აჯანყების ქართველების მიერ ოსების გენოციდად წარმოჩენას.

გიორგი ოთხმეზური მიიჩნევს, რომ დოკუმენტური ფილმი ის ფორმატია, რომლის მეშვეობითაც, მსოფლიო საზოგადოება სიმართლეს უკეთ გაიგებს და მისი გავრცელებაც უფრო მარტივი იქნება.

„ისტორიის გაყალბების მცდელობას ყოველთვის უნდა გაეცეს პასუხი. სხვათა შორის, ბევრ რამეზე პასუხი უკვე გაცემულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქართველოს ფარგლებს არ სცილდება. უცხოელები ეცნობიან იმ მასალებს, რაც მათ ენაზეა ხელმისაწვდომი. ასე რომ, ფილმის ფორმატი სწორადაა შერჩეული, რადგან მისი თარგმნა არაერთ ენაზე შეიძლება და ვიზუალური მასალითაა დატვირთული, რაც ადამიანებისთვის უფრო საინტერესო და გასაგებია.

ყველა სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საკუთრი სიმართლე საერთაშორისო საზოგადოებამდე მიიტანოს. ოსებთან, აფხაზებისგან განსხვავებით, მაშინ ვერანაირი მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. ამიტომ იყო ქართული ხელისუფლება იძულებული, იარაღით შემოსული ამბოხი იარაღითვე ჩაეხშო და ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინა“, – განაცხადა ოთხმეზურმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „კლიპ-არტი“ ავრცელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული