თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულმა ბაჩანა ლობჟანიძემ შესაძლოა, შვედეთს თავშესაფარი სთხოვოს

 თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული სავარაუდოდ, შვედეთს თავშესაფარს სთხოვს,- ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “საღამოს ნიუსრუმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

„მე ეჭვი მაქვს, რომ ჩემზე საქმეს კერავენ, არ ვიცი ვინ კერავს. იმიტომ, რომ ჩემი პირადი მობილური ჩემი კონტენტია, ზოგადად მე ადმინისტრაციული კოდექსით, მაქვს უფლება გავიგო, რას ფიქრობს ჩემზე სახელმწიფო, რა ინფორმაცია აქვს ჩემზე, ამ მიზეზის გამო მივედი და მითხრეს, რომ მოსამართლის განჩინებით ამოიღეს. მე დღესაც მივალ და მოვითხოვ ჩემს მობილურს, რადგან იქ მაქვს ჩემი პირადი ინფორმაცია, ასევე მიდევს ჩიპი 120 გიგაბაიტიანი და სხვა მონაცემებიც მაქვს. თავს უსაფრთხოდ არ ვგდრძნობ, მირჩიეს, წავიდე შვედეთში, რადგან ამ საქმეს აქედან ვერ მოვიგებ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თავშესაფარი მოვითხოვო, შესაძლოა, კამერები დავაყენო სახლთან“,-აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე.

ცნობისთვის, გუშინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ბაჩანა ლობჟანიძესთან ესკლუზიური ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი, სადაც ის საკუთარ თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის შეყვარებულს უწოდებს. მისი თქმით, არ სჯერა, რომ თამარმა თავი მოიკლა მისივე თქმით, შესაძლოა, თამარი ცოცხალიც კი იყოს და მანქანაში სხვისი ცხედარი ესვენა. ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ როდესაც თავის შეყვარებულის გაუჩინარების შესახებ გაიგო, გოგონას დაკარგვიდან 3 დღე იყო გასული.

“არ იყო თამართან ურთიერთობაში შესვლა მარტივი, არც გოგოსთვის და არც ბიჭისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ქედმაღალი იყო, ჩემ მიმართ არ ვამბობ, უბრალოდ ასე მარტივად ვერ გაესაუბრებოდი. თამარი უნივერსიტეტში გავიცანი, ჩემი ყურადღება მიიქცია წიგნმა, რომელსაც ლექციის დროს კითხულობდა ხოლმე, ეს იყო ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“. რადგან ეს წიგნი არ არის მარტივი წიგნი, ამიტომ დავინტერესდი მისით. როცა ერთმანეთს ვნახულობდით უნივერსიტეტში, ვხვდებოდით ორივე, რომ ერთმანეთი მოგვწონდა.

ბოლოს 19 ივნისს ვნახე, დაბადების დღე ორივეს ერთ დღეს გვაქვს. ერთად აღვნიშნეთ დაბადების დღე, ვიყავით ლისის ტბასთან, შემდეგ ძველ თბილისში. თამარი დადებითად იყო განწყობილი, ბევრი რამ ვისაუბრეთ იმ დღეს, გეგმების შესახებაც, მათ შორის სამსახურიდან წამოსვლაზეც. თამარს უნდოდა ისევ საფრანგეთში წასვლა და კიბერუსაფრთხოებაზე სწავლა. შევნიშნე, რომ რაღაცას შორს ფიქრობდა, თითქოს რაღაცას გეგმავდა, ვუყურებდი თამარს და ვატყობდი, რომ შორს ფიქრობდა, თუმცა, როდესაც რამეს ვეკითხებოდი მპასუხობდა

სამსახურის შესახებაც ვიცოდი, “ზეგში” მუშაობა 2017 წელს დაიწყო. თამუნასთან სამსახურში არ ვყოფილვარ, ვიცოდი სადაც მუშაობდა და ვენდობოდი. ჩვენ არ გვქონია ასეთი ურთიერთობები, არ ვიღებდით საერთო სელფებს. ჩვენ ამ ურთიერთობის შესახებ არც ვსაუბრობდით რეალურად. მე და თამარს არ გვყავდა საერთო მეგობრებიც, თუმცა, თამარმა გამაცნო მისი მეგობრები, ასევე ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ თამარის შესახებ.

დაბადების დღეზე ერთმანეთს საღამოს 11 საათისკენ დავშორდით, მე ტაქსით დავბრუნდი სახლში, თამარი თავისი მანქანით წავიდა. მე თვითონ პროგრამული ინჟინერი ვარ, ხელოვნურ ინტელექტზე ვმუშაობ. ასევე ვიცოდი თამარის მეორე სამსახურის შესახებაც, სადაც მუშაობდა 10 თვე, თებერვალში დატოვა ეს კომპანია.

თამუნას დაკარგვის შესახებ რომ გავიგე, 3 დღის გაუჩინარებული იყო. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის შესახებ უნდა მესწავლებინა მისთვის. ბოლო კომუნიკაცია გაუჩინარებამდე წინა დღით 6 საათზე ვნახე. ტელევიზორში ვნახე, რომ თამარს ეძებდნენ, მესინჯერში არ მიმიწერია, რადგან თვითონ უნდა ეთქვა ამის შესახებ. რატომ უნდა მომეძებნა მე, ალოგიკურია… მე მის მშობლებს არ ვიცნობდი, არც მის სახლში ვარ ნამყოფი. რა უნდა გამეკეთებინა იმ მომენტში, არც არაფრის გაკეთება შემეძლო. ვეცნობოდი ამბებს, მისთვის არც დამირეკავს და არც მიმიწერია, ვადევნებდი ამბებს თვალყურს, არ მახსოვს რა რიცხვი იყო, რომ გავიგე გარდაიცვალა. შემდეგ მივედი სამძიმარზე და გავიცანი მშობლები, მანამდე არც დეა კაპანაძეს არ ვიცნობდი (თამუნას მეგობარი). ვიყავი თამუნას დაკრძალვაზეც, საიდანაც თამუნას ნათესავმა წამომიყვანა.

მე არ მჯერა რომ თამარმა თავი მოიკლა, ასეთი ფაქტი არც დამიშვია. სამხარაულის ექსპერტიზაზე თამარის კომპიუტერის გახსნას მის ადვოკატთან ერთად დავესწარი, კითხვებს რომ ვუსვამდი ვერაფერზე პასუხი ვერ გამცეს. უნდა გაირკვეს რა მოუვიდა თამარის ლეპტოპს, რადგან რომ გახსნეს, რაც იქ დახვდათ ის არ არის პროგრამისტის ლეპტოპი. ვინც ექსპერტიზა ჩაატარა, მას უნდა ამოეღო ორი სახის ფაილები – ერთი, რომელიც თამარმა ჩაწერა ოდესმე და წაშალა და მეორე, რაც დახვდათ ლეპტოპში. ჩემი აზრით, თამარის კომპიუტერზე განხორციელებულია წვდომა, წაშლილი აქვთ მისი Facebook გვერდი, ეს საეჭვოა. დღეს გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მარიამ ვარდიაშვილზე, რომელსაც მგონი თეთრიწყაროში ცხოვრობს. ვარდიაშვილი თამარმა გამაცნო 2018 წელს” –  განაცხადა  ბაჩანა ლობჟანიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული