,,მე რომ შვილი მყოლოდა, შემეშინდებოდა თქვენი”-ნინო ახობაძე

,,მე რომ შვილი მყოლოდა
მთელს იმ სითბოს და სიყვარულს, რასაც ეხლა ჰაერში ვფანტავ, ალბათ მასში ჩავდებდი.
ალბათ ვიმეგობრებდით, ასე მგონია.
კიდევ მგონია რომ
მოვუყვებოდი ჩემს ამბებს, ვეტყოდი როგორი ვიყავი, რამდენ შეცდომას ვუშვებდი მის ასაკში, ამას ყველაფერს სიცილით მოვუყვებოდი, ზუსტად ისე, როგორც თქვენ გიყვებით ხოლმე ჩემს ამბებს. ალბათ მთელი ღამე ვიჯდებოდი და ჩუმად ვუყურებდი-როგორ სძინავს. არ ვიცი, ასე მგონია..
გულთან მივიტანდი მის პირველ გრძნობას, შემეშინდებოდა, არ ვიცი რისი.
არ ვიჯდებოდი სახლში, როგორც ახლა და არც ერთ სამსახურს არ ვითაკილებდი, ოღონდ მისთვის განათლება მიმეცა.
ბავშვობაში წავუკითხავდი კეთილ წიგნებს და გულში სულ შიში მექნებოდა იმის, რომ გაიზრდება და ნახავს როგორი დაუნდობელია ცხოვრება.
ვიქნებოდი ერთი ტიპიური ქართველი დედა
ვინერვიულებდი იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა.
და თუ სხვა ქვეყანაში მოინდომენდა მერე ცხოვრებას, ვიდარდებდი მისგან შორს მყოფი-რა ჭამა? რა აცვია, ხომ არ სცივა?
მე ჩემსას ვეცდებოდი
რა გამოვიდოდა აქედან-არ ვიცი.
იმიტომ რომ მას ექნებოდა თავისი თანდაყოლილი ხასიათიც.
იმიტომ რომ უკვე მოზარდი დაინახავდა და წაიკითხავდა ამდენ ბოროტს; ამდენ უსაქმურს.
წაიკითხავდა სხვისი დედები როგორ ძიძგნიან ერთმანეთს და სხვის შვილებს;
წაიკითხავდა მამისხელა კაცებს როგორ ეზიზღებათ ერთმანეთი;
და კეთილ ზღაპრებზე გაზრდილი ჩემი ნაფერები შვილი
პირისპირ რომ შეეჯახებოდა ამ სასტიკ სამყაროს
რომელშიც დიდები ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, ერთმანეთს განიკითხავენ და სხვის შვილებს ჭორავენ
შეიძლება გამქცეოდა ხელიდან მისი თავი.
როდესაც მისთვის ჩვეულებრივი გახდებოდა ის რომ-ჩვენ, დიდებს შეგვიძლია აი ასე საჯაროდ და ხელაღებით მიწასთან გავასწოროთ სხვა ადამიანი
მე უკვე პასუხს ვეღარ ვაგებდი
მის კარგ ადამიანობაზე.
ჩემმა თაობამ ჩაკეტილად ვიცხოვრეთ, უინფორმაციოდ.
მერე მოგვცეს უფლება პირი გაგვეღო და ამ პირიდან
სიყვარულზე მეტი სიმყრალე ამოვუშვით.
ჰოდა მოვდივართ მას მერე, მოვაბიჯებთ “თავისუფლად” და სულ სხვის განკითხვაში ვართ.
რამდენმა დაწერეთ რაც ეს ქსელი გაქვთ-საკუთარ შვილზე საყვედურით?
რამდენმა მოყევით მისი უარყოფითი?
რამდენმა განიკითხეთ საკუთარი შვილის ბნელი მხარეები?
მაგრამ რომც მოგინდეს და აქ დაწერო გულწრფელად, ისაც იცი რომ მერე მთელი სამყარო გადაუვლის და ჩაქოლავს შენს შვილს და შენც!
—–
მე რომ შვილი მყოლოდა, შემეშინდებოდა თქვენი.
კომფორტულია ჩემსავით დამკვირვებლის პოზაში ჯდომა, ძნელია-დედობა, ვიცი.
ჰოდა ადვილიც ჭორაობა და განკითხვაა.
——
გამოვიდა და თქვა იმ გამწარებულმა ქალმა:
ჩემი შვილი იმსახურებს სასჯელს!
ღირსეულად მოიქცა. მეტი არაფერი.
განსხვავებით უამრავი მშობლისაგან.
და ესაც გარჩევის თემა გახდა…
ვაი ჩვენს პატრონს!
და ვაი შვილებო
ჩვენ რომ გვიყურებთ, გვისმენთ და გვიძლებთ.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ახობაძე

Facebook Comments

ახალი დადებული