ჭავჭავაძის გამზირის პრობლემაზე- ვწერ იმას, რაც დანამდვილებით ვიცი და რასთანაც უშუალო შეხება მქონია

ჭავჭავაძის გამზირის პრობლემაზედ:

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სანამ ევროპა გვინდა, მაგრამ, როგორც კი ჩვენს პირად კომფორტს ეხება ეს – ეგრევე აღარ გვინდა, საქმე წინ ვერ წავა.
და კიდევ ყველა ყველაფრის ექსპერტი და სპეციალისტი რომ ხდება დღენახევარში…

ვწერ იმას, რაც დანამდვილებით ვიცი და რასთანაც უშუალო შეხება მქონია: ესე ამბავი საზ. ტრანსპორტის რედიზაინისა და აღორძინებისა.

მერიამ მოიწვია [ტენდერის გზით შეარჩია] დარგის უცხოელი, დამოუკიდებელი ექსპერტები და შეასწვალინა საზ. ტრანსპორტის სისტემა და არსებული რეალობა. სთხოვა, გვითხარით, როგორ ვუშველოთო.
საშველი ბევრი რამე იყო:
-წლიდან-წლამდე მზარდი პირადი ავტოტრანსპორტი [უმეტესობა ძველი >10წ მანქანები];
-საზ. ტრანსპორტის ქაოსური, არასტრუქტურირებული და ‘’მიშვებული“ პოლიტიკა;
-ავტობუსებზე ძალიან დაბალი საშუალო სიჩქარე, (ე.წ. commercial speed) და დიდი ლოდინის დრო;
-მარშუტკების, ავტობუსებისა და მეტროს შეუთანხმებელი სამარშრუტო სქემა [ერთმანეთის შემავსებელის მაგივრად არაეფექტური თანაკვეთები და მოდალური კანიბალიზაცია – ანუ როცა ერთი სატრანსპორტო ტიპი მეორეს კი არ ავსებს, არამედ არაეფექტურად კონკურირებს. (არაეფექტურობაში იგულისხმება, რომ მათი ერთად არსებობა უფრო მეტ გადატვირთულობას და დაგვიანებებს იწვევს ვიდრე ერთ-ერთი რომ ყოფილიყო ან ორივე, ოღონდ გადანაწილებულა]
-კომერციულად ძალიან წამგებიანი სისტემა, როცა ყოველ წელს მერია ასეულ მილიონ ლარს ხარჯავს მთელი ამ საზ. ტრანსპორტის სისტემის შენახვაზე [დოტაცია] ჩვენი გადახდილი გადასახადებით.
და კიდევ ბევრი რამე, სათითაოდ არ ჩამოვთვლი.

ამ ექსპერტებმა (რომლებიც დიდი ბიჭები არიან მსოფლიო დონისა თავის დარგში, ვიღაცა მიკი მაუს კომპანია ან ვინმეს ბიძაშვილის დაფუძნებული 2 დღის შუპუსუ კი არა…) იარეს თბილისში, ზომეს ქუჩები, თვეობით აწარმოეს ნაკადების კვლევა, აღწერები ა.შ. და ა.შ. და მოამზადეს შედეგები: რეალობა ეს არისო. მერე მოამზადეს ამ რელაობიდან გამოსავლის გზების პროექტი. დასკვნამ [ასეულობით გვერდიანი ნაშრომია სადაც ყველა ქუჩა გაზომილ-გაანალიზებულია და ნაკადები საათების მიხედვით დათვლილი და ა.შ.] აჩვენა, რომ:
-მოძრავი შემადგენლობა არის ჯართი და გამოცვლაა საჭირო [ანუ საჭიროა ასეულობით მილიონის ჩასხმა]
-საზ ტრანსპორტის სისტემა არის შეუქცევადად წამგებიანი და ხარჯიანი და არსებული საფასო სისტემით მისი გამართვა შეუძლებელია [ანუ ტარიფის გაზრდაა საჭიროვო, კამერუნშიც არ ღირს ასეთი იაფიო]
-საჭიროა ტრამვაის ტიპის სისტემის დამატებაო, მაგრამ ეგ ბევრ მილიარდს საჭიროებს და მაგის თავი არ აქვს თქვენი ქალაქის/ქვეყნის ბიუჯეტსო;
-ტრამვაის ალტერნატივა არის BRT[Bus Rapid Transit] სისტემაო, რომელიც გულისხმობს გამოყოფილ ზოლებს ავტობუსებისთვის, სადაც ავტობუსები შეუფერხბელად მოძრაობენ ქალაქის მთავარ სატრანსპორტო კორიდორებში [დიდ ქუჩებზე]. ანუ პრაქტიკულად იღებ ბორბლებიან ტრამვაის, რომელიც ბევრად იაიფ გიჯდება, შეზღუდული რესურსბეის გათვალისწინებით.
-საჭიროა არამოტორიზებული ტრანსპორტისა და საფეხმავლო ტრანსპორტირების წახალისება, რადგან ქალაქში მოძრავი ავტომობილების დიდი პროცენტი [კვლევის თანახმად] 1-2 კმ მანძილზე გადაადგილდებაო.
-ავტომობილები არაპროპორციულად პრიორიტიზებული და წახალისებული არიან და არაადექვატურად მეტ სატრანსპორტო დერეფანს იყენებენო და ავტობუსები იჩაგრებიანო.
მერიამ მოუსმინა. ტრამავაი და ფასის აწევა გამორიცხა – ერთი წარმოუდგენლად დიდი ხარჯიანობის (მილიარდობით) და მეორე ხალხის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
გადაწყდა BRT სქემის შემოღება. ანუ ის რაც ამ დარგის პროფებმა ურჩიეს, მამამ და ბებიამ ან თავისმა გუმანმა კი არა.
ადგნენ და გააკეთეს.
რა თქმა უნდა ერთიანად ჯოხის მოქნევით ვერ გამოვა ეს ამბავი. დაიწყეს პეკინი-კოსტავათი, გააგრძელეს ჭავჭავაძით და ვეკუა-ხიზანიშვილით [ანუ მთავარი კორიდორებით’ და ამას მერე დაემატება ქეთევან წამებულის გამზირი, წერეთლის გამზირი და ა.შ. ]
ამასობაში სრულად იცვლება წლის ბოლომდე ავტობუსების პარკი. და გაგრძელდება ამ სისტემის ერთიან პროექტად ქცევის პროცესი. ანუ შედეგი მოვა მაშინ, როცა მთელი ეს ახალი სისტემა შეიკვრება ერთ მთლიან სქემად. კარგა ხანი გვეტკინება, მაგრამ შედგეი ნამდვილად იქნება დღევანდელზე უკეთესი, სამართლიანი და ეკონომიკურად გამართული.

არ გამოვრიცხავ აღსრულებაში რაიმე ხარვეზი იყოს, მაგრამ ის სისტემა, რომლისკენაც საზ. ტრანსპორტის სქემა გადადის ერთმნიშვნელოვნად სწორია და არც თეორიულად და არც პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს.

პ.ს. არც მერიაში ვმუშაობ და არც კალაძის ძმაკაცი ვარ. თუ არსებობს პრობლემის გადაჭრის იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე დამოუკიდებელი დარგის ექსპერტების მოყვანა, მოსმენა და მათი რჩევისამებრ პრობლემის გადაწყვეტის დაწყება – გისმენთ.

პ.პ.ს. დრო უფრო უნდა დავაფასოთ და სახლიდან საქმეზე 5 წუთით ადრე გასვლას გადავეჩვიოთ. კომფორტულად და კონდიცირებული ჰაერით მანქანით ლაღად გადაადგილება კი კარგია {მეც ასე გადავადგილდები, ჩემმა მზემ], მაგრამ სხვისი დაყოვნების ხარჯზე – უსამართლო, გინდა ფეხით მოსარგებლის და გინდა საზ. ტრანსპორტით მგზავრის.

პ.პ.პ.ს ამაზე მე რომ ვწერ და არა მერიის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახური: აი ამის გამო კი დიდი ორიანი მერიას და პირადად მერს. სწორი კომუნიკაცია არ იცით ჩემი მოკრძალებული აზრით. კარგს რასაც აკეთებთ იმასაც ვერ უხსნით ხალხს“,-წერს ზვიად საკირელი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული