prime time: 14 წლის ასაკში თამარ ბაჩალიაშვილმა ჩვენება მისცა, სადაც მამის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი დაახლოებით 14 წლის იქნებოდა, როდესაც სამართალდაცველებისთვის ჩვენების მიცემა მოუწია. მაშინ საქმე ოჯახში არსებულ კონფლიქტს ეხებოდა, რა დროსაც მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს, ბრალი წარუდგინეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას prime time ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშინ, 2011 წელს გამოძიებამ თამუნა პედაგოგის თანდასწრებით დაკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი.

„დედაჩემმა ვინაიდან იყო ცუდად ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რომ სცემა მეუღლემ“, – წერია ჩვენებაში.

აქვე ის დეტალურად ყვება, თუ რის ნიადაგზე იწყებოდა კონფლიქტი მშობლებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი.

მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.

ცნობისთვის, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილი, საიდანაც ჩანს, რომ გაუჩინარებამდე 1 თვით ადრე, თამარ ბაჩალიაშვილი გუგლის საძიებო სისტემაში სუიციდის საუკეთესო გზების შესახებ ინფორმაციას ეძებდა, იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

Facebook Comments

ახალი დადებული