რატომ იზიდავს თვითმკვლელებს ტყე – იაპონელმა მამაკაცმა 600 თვითმკვლელი გადაარჩინა

როდესაც ამერიკელმა ბლოგერმა, ლოგან პოლმა იაპონიაში მდებარე აოკიგახარას ტყეში გადაღებული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც ხეზე ჩამომხრჩვალი ადამიანი იყო აღბეჭდილი, მას საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. 

პოლი იაპონიაში ცნობილ ტყეში მეგობრებთან ერთად სეირნობდა, როდესაც უეცრად გარდაცვლილს გადაეყარა. მან მომენტი ვიდეოზე აღბეჭდა და YouTube-ზე გამოაქვეყნა. ამასთან, კადრებში კარგად ისმის, როგორ იცინის ბლოგერი. მოგვიანებით, როდესაც ათასობით ინტერნეტმომხმარებელმა პოლი უზნეობაში დაადანაშაულა, მან ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი რეაქცია დაბნეულობითა და გაკვირვებით იყო გამოწვეული. შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მოხდა.

2018 წელს BBC-მ აოკიგახარას ტყის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, თვითმკვლელობა ამ ტყეში იშვიათობა არ არის. ყოველ წელს, ათეულობით ადამიანი ირჩევს ამ ადგილს, რომ სიცოცხლე დაასრულოს. ტყის მასივი ფუძიამას მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ტოკიოდან 100 კმ-ში. იქ ყოველ წელს 50-დან 100-მდე სუიციდის შემთხვევა ხდება. 

დიდი ხეების გამო, ამ ტყეში ქარი თითქმის არ იცის. გარეული ცხოველები იშვიათია, სამაგიეროდ, ბევრია ქვის გამოქვაბული, რაც ტყეს სიჩუმის საშიშ ატმოსფეროს უქმნის.

სან-ფრანცისკოში მდებარე ხიდ „ოქროს კარიბჭესთან“ ერთად, აოკიგახარას ტყე ითვლება ადგილად, სადაც სუიციდის რეკორდული რაოდენობა ხდება. 

„კიდევ ერთხელ დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, მშობლებზე, დებზე, ძმებზე, ბავშვებზე. ნუ იტანჯებით მარტოობაში, ესაუბრეთ ვინმეს“- წერია აბრაზე, რომელიც ტყის შესასვლელში კიდია. იქვე მითითებულია ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის ტელეფონის ნომერი.

ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომლის საშუალებითაც ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, შეცვალოს არსებული მდგომარეობა. გარდა ამისა, ტყეში დადის სპეციალური პატრული და დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. 

სუიციდის მცდელობის აღკვეთაში ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს მონაწილეობას. მაგალითად, ერთ-ერთი ახლომდებარე კაფეს მეპატრონემ Japan Times-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 160 ადამიანი გადაარჩინა თვითმკვლელობას, რადგან მარტოხელა მოსიარულეების შესახებ ხელისუფლებას დროულად ატყობინებდა. 

თვითმკვლელებს შორის ასევე პოპულარულია ტოკიოდან 320 კილომეტრში მდებარე კლდე ტოძიმბო. ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილს სახელი ერთი ბერის გამო ეწოდა, რომელიც კლდიდან მეტოქემ გადააგდო, რადგან ორივეს ერთი ქალი უყვარდა. დღეს აღნიშნულ კლდესთან ყოველწლიურად ათობით ადამიანი მიდის, რათა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. 

ყოფილი პოლიციელი იუკო შიგე უკვე 15 წელია მოხალისეებთან ერთად, თვითმკვლელების გადარჩენით არის დაკავებული. ისინი ამ ადგილებს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებენ და უკვე კარგად ხვდებიან, როდესაც კლდეს ადამიანი უახლოვდება, რა აქვს განზრახული. შიგეს მიაჩნია, რომ საუკეთესო მეთოდი თვითმკვლელთა გადასარჩენად – ეს არის მასთან გამოლაპარაკება. და უმეტეს შემთხვევაში ეს ამართლებს. 

2003 წელს, როდესაც შიგე ჯერ ისევ პოლიციაში მუშაობდა, მან კლდესთან ახლოს, სკამზე ჩამომჯდარი ხანში შესული წყვილი შენიშნა. შიგე მათ გამოელაპარაკა და შეიტყო, რომ ისინი ტოკიოში ერთ-ერთი ბარის მფლობელები იყვნენ და ვალებში ჩავარდნენ. ცოლ-ქმარს შებინდებისას კლდიდან გადახტომა ჰქონდა განზრახული. შიგემ კოლეგები გამოიძახა, რათა წყვილი შრომითი მოწყობისა და კეთილდღეობის სამსახურში წაეყვანათ, თუმცა პოლიციამ ისინი სახლში გაგზავნა. 5 დღის შემდეგ მოხუცებმა თავი ჩამოიხრჩეს. ამ შემთხვევის შემდეგ შიგე მიხვდა, რომ თვითმკვლელობების შეჩერება უნდოდა.

მან მოხალისეთა ჯგუფი შეკრიბა, რომლებიც განუწყვეტლივ აკვირდებიან საშიშ ადგილებს. ჯგუფში 30-მდე ადამიანია. თვითმკვლელობის უმეტესობა დღისით ხდება, როდესაც ჯერ კიდევ სინათლეა. სწორედ ამ დროს არიან ისინი განსაკუთრებით ყურადღებით. შიგემ ცოტა ხნის წინ დრონებიც შეიძინა, რათა უკეთესად დააკვირდეს საეჭვო ადამიანებს. გადარჩენის მთავარი მეთოდია- უბრალო საუბარი. ბრიტანელმა მწერალმა, კრიგ სტოუნმა საკუთარი მაგალითით დაადასტურა, რომ ურთიერთობა დეპრესიისა და სუიციდური ფიქრებისგან გათავისუფლების საუკეთესო გზაა. 

„პატრულირებაზე ერთად არ დავდივართ, რადგან ორ ადამიანს თუ ხედავს, თვითმკვლელი დისკომფორტს გრძნობს და გულს არ გადაგიშლის. მათ მხოლოდ ერთი-ერთზე საუბარი უყვართ“,-ამბობს შიგე.

ის უკვე 15 წელია აგრძელებს თავის საქმეს, თუმცა მოხალისეები ხშირად იცვლებიან. ყველას გადარჩენას ვერ ახერხებენ: ზოგჯერ ადამიანებს ის ძლიერ უნდათ სიცოცხლესთან გამომშვიდობება, რომ შიგე და მისი რაზმი ვერ ასწრებენ მათ პოვნას. კლდეზე ყოველ წელს 10-დან 15 ადამიანი მაინც იღუპება, მაგრამ ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა შიგე, ყოფილი პოლიციელი, რომლის წყალობითაც 600 ადამიანი სიცოცხლეს აგრძელებს. 

შიგემ დიდი ხანია იცის, რომ კლდიდან წვიმიან ამინდში არავინ ხტება. მზიანი ამინდები ამ კუთხით გაცილებით საშიშია. სუიციდის რიცხვი განსაკუთრებით იზრდება ფინანსური კრიზისის დროს, ასევე ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც იაპონიაში სასწავლო წელი იწყება, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ახალი სიძნელეების წინაშე დგებიან. შიგე მათ უახლოვდება და საუბარს იწყებს ისე, რომ განსაზღვრულ პრინციპებს მისდევს. კერძოდ, ისე ელაპარაკება, თითქოს მათი დიდი ხნის ნაცნობია. 

„უბრალოდ მივდივარ და ვეუბნები, გაუმარჯოს, როგორ მიდის საქმეები? ამ ადამიანებს უნდათ , რომ ვიღაცამ გადაარჩინოს. მათ ვიღაცა სჭირდებათ, ვინც დაელაპარაკება“.

იაპონიაში სუიციდის შემთხვევათა რაოდენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია.  გავრცელებული ასაკია 15-დან 39 წლამდე.

ამ ასაკის იაპონელებში სუიციდს გაცილებით მეტი ადამიანი ეწირება, ვიდრე კიბოს, და უბედურ შემთხვევებს. იაპონიაში თვლიან, რომ თვითმკვლელთა ასეთი რაოდენობა გამოწვეულია დეპრესიით, ოჯახური პრობლემებით, უმუშევრობით და სამსახურსა და სკოლაში ძალიან დიდი დატვირთვით.

შიგე ადამიანის გადარჩენის ერთ-ერთ ყველაზე ტიპიურ შემთხვევას აღწერს: ერთხელ მან კლდეზე ახალგაზრდა გოგო შეამჩნია და თავის ოფისში წაიყვანა. გამოკითხვისას შეიტყო, რომ 17 წლის გოგოსგან მშობლები გამუდმებით მოითხოვდნენ დიდ წარმატებებს. ერთხელ ძალიან შერცხვა, რომ ვერ შეძლო საშინაო დავალების შესრულება და ტაძიმბოს კლდისკენ გაემართა…

როდესაც მშობლებმა შეიტყეს, მაშინვე მივიდნენ გოგონას წასაყვანად და შუგემ მათ აუხსნა, რომ გოგონა ამხელა ზეწოლას ვერ უძლებდა. 

ჩვენ ვკითხეთ ბავშვის მშობლებს: „რა უფრო მნიშვნელოვანია, მისი სიცოცხლე, თუ სკოლაში წარმატება?“ და გადავეცით ბავშვი. 

კლდის პირას მდგარი ადამიანის გადარჩენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სუიციდური ფიქრებისგან გათავისუფლება ზოგჯერ ძალიან რთული პროცესია და ხშირად გაუგებარია, რა უფრო კარგად მოქმედებს და რა ამძიმებს მდგომარეობას. შიგე ირწმუნება, რომ პოტენციურ თვითმკვლელს ძალიან სჭირდება ადამიანი, რომელიც მას დაელაპარაკება. ერთი ავსტარლიელი ფეისბუქის მეშვეობით ცდილობდა ეპოვა ქილერი, რომელიც მას მოკლავდა. მაგრამ სრულიად უცნობმა ადამიანებმა ისეთი მხარდაჭერა გამოუცხადეს, რომ მან ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა. 

Facebook Comments

ახალი დადებული