2012 წელი, ექიმის დასკვნით, მამის აგრესიული ქმედების გამო, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო

ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ, 2012 წელს შედგენილ დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილი მასთან მისვლის დროს. დოკუმენტაციას „ქრონიკამ“ მოიპოვა.

როგორც ექიმი განმარტავს, თამარ ბაჩალიაშვილი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხშირ შემთხვევაში იყო უკონტაქტო, გამოირჩეოდა აგრესიულობით. მედიკოსი ამბობს იმასაც, რომ სავარაუდოდ, ეს ფონი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული. უფრო ზუსტად, გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოირჩეოდა აგრესიულობით, ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან. ექიმის თქმით, ამ ყველაფრის გამო თამარ ბაჩალიაშვილის მაშინდელი ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

„ფსიქიკური პრობლემები შეექმნა დაახლოებით ბოლო ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირია ოჯახში ჩხუბი, ყვირილი. მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. დაახლოებით ორი თვის წინ, ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ, დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი. აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა. იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა – მომბეზრდა ყველაფერი. 5.01.2012-ში, დედის გადმოცემით, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კოლაფტოიდურ მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო ერთი დღეა არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში“, – ნათქვამია ექიმის 2012 წლის დასკვნაში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ.

შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი. ნაპოვნია ასევე ბაჩალიაშვილის ხელით გაკეთებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

Facebook Comments

ახალი დადებული