ახალი კადრები- ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში შესაძლოა, პოლიციელებს ბრალი არ მიუძღვით

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების ახალი კადრების მიხედვით, შესაძლოა, პოლიციელებს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში ბრალი არ მიუძღვით. Daily Mail-მა დაკავების ადგილზე თავად პოლიციელების მიერ გადაღებული სრული ვიდეო გაავრცელა.

უნიკალურ კადრებზე ასახულია საჭესთან მჯდომი ფლოიდი, რომელიც საკმაოდ არაადეკვატურად იქცევა, ტირის და ეხვეწება სამართალდამცველებს, არ ესროლონ. „თვალებში გიყურებთ, გთხოვთ, არ მესროლოთ, ახლახანს დედა დავკარგე“,-ამბობს ფლოიდი. 

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ფლოიდი პოლიციელების ქმედების შედეგად არ დაღუპულა. კადრებში ჩანს, რომ ის სამართალდამცველებმა მანქანაში, უკან ჩასვეს, თუმცა აფროამერიკელი ამბობს, რომ კლაუსტროფობია ჭირს, ტირის და ამბობს, რომ სული ეხუთება. ფლოიდი მანქანაში არ ჩერდება და ითხოვს, რომ ძირს დააწვინონ.

ექსპერტების აზრით, ის უკვე ცუდად იყო და თან გარკვეული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ერთ-ერთი პოლიციელი იქვე მდგარ ფლოიდის ახლობელ ქალს ეკითხება, რატომ იქცევა დაკავებული ასე. ქალი პასუხობს, რომ ფლოიდს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მას ერთხელ ესროლეს და ეშინია იარაღის. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ დაკავების დროს რასიზმის არანაირი ნიშნები არ იკვეთება. 

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მინეაპოლისის საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელი მას 8 წუთის განმავლობაში კისერზე მუხლის დაჭერით აკავებდა. ფლოიდის სიკვდილმა მთელ ქვეყანაში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ყოფილი პოლიციელების საქმეზე სასამართლო სხდომა 2021 წლის მარტში გაიმართება. 

ცნობისთვის, ივნისში გამოქვეყნდა ოფიციალური ექსპერტიზის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მინეაპოლისში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა არ ყოფილა. ფლოიდი იშემიით, ჰიპერტონიითა და ინტოქსიკაციით დაიღუპა. მინესოტაში ჰენეპინის ოლქის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხში ნათქვამია, რომ 46 წლის მამაკაცს დაკავებისას გაუმძაფრდა არსებული დაავადება, რასაც ასევე ხელი შეუწყო ორგანიზმში მომწამვლელმა ნივთიერებამ. საპირისპიროს ამტკიცებს ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, მისი თქმით, ფლოიდი ასფიქსიით არის გარდაცვლილი.

Facebook Comments

ახალი დადებული