მსახიობმა ზოი სალდანამ ნინა სიმონეს როლის შესრულებისთვის ბოდიში მოიხადა

მსახიობმა ზოი სალდანამ 2016 წლის ბიოგრაფიულ ფილმში ნინა სიმონეს როლის შესრულებისთვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ BBC წერს.

ლეგენდარულ შემსრულებელთან მსგავსების მისაღწევად სალდანას, რომლის მამაც დომინიკელთა რესპუბლიკიდაა, დედა კი პუერტო-რიკოელი, გადაღებებზე ხელოვნური ცხვირი ეკეთა და კანი ფერს კი მაკიაჟის მეშვეობით იმუქებდა. სიმონეს ოჯახმა ფილმი უარყოფითად მიიღო.

ახალ ინტერვიუში სალდანამ განაცხადა, რომ ეს როლი არ უნდა შეესრულებინა.

„ნინა არ უნდა მეთამაშა. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა რაც შემეძლო, იმისთვის, რომ შავკანიანი ქალის სათამაშოდ შავკანიანი ქალი აეყვანათ. მაშინ მეგონა, რომ ამის უფლება მაქვს, რადგან შავკანიანი ქალი ვარ. ასეც არის. მაგრამ საუბარი ნინა სიმონეზეა. მას ისეთი ცხოვრება და ისტორია ჰქონდა, რომლის მოთხრობისას ყველა დეტალი უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა მსახიობმა.

ფილმმა „ნინა“ კრიტიკოსებისა და მაყურებლების მოწონება ვერ დაიმსახურა. ვებგვერდზე Rotten Tomatoes მისი რეიტინგი მხოლოდ 2%-ა.

Facebook Comments

ახალი დადებული