ლევან იზორია გერმანულ მედიაში – რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს

გერმანული გამოცემა Bild-ი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებ, რომელშიც ყურადღება ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ, აგრესიულ პოლიტიკაზეა გამახვილებული.

Bild-თან საუბრისას, ლევან იზორია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, რუსეთი არ წყვეტს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს. ამას, გამოცემასთან საუბრისას, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორიაც ადასტურებს.

„იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზეა მიმართული, რუსული საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ „სასაზღვრო ნიშნების“, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, – აღნიშნავს იზორია.

როგორც გერმანული პრესა იუწყება, „სისხლიანი ომიდან ორი კვირის შემდეგ, კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა“. Bild-ის შეფასებით, ეს არის ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს.

„დღევანდელ დღეს, 12 წლის წინ, დაიწყო ძლიერი რუსეთის ომი ერთი ციდა საქართველოს წინააღმდეგ. ბრძოლამ მხოლოდ ხუთ დღეს გასტანა, რომლის ბედიც (მაშინ მოჩვენებითად პრემიერ-მინისტრის რანგში „პრეზიდენტ“ მედვედევის უკან ამოფარებული) პუტინის არმიამ ადვილად გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოაცხადა კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ესაა ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორის შეფასებით, რუსეთის ФСБ თავის თავზე იღებს ორივე „სახელმწიფოს“ „საზღვრის დაცვის“ საქმის დიდ ნაწილს, თუმცა, საქართველოს მიმართ დღემდე მიმდინარე აგრესიისთვის, რუსეთი ჯერ არ დასჯილა.

„პუტინი ესკალაციას განაგრძობს. საქართველოს მთავრობის შიდა დოკუმენტის („ნონფეიფერი“) მიხედვით, რომელიც „ბილდს“ ხელთ აქვს, კრემლი, საქართველოს წინააღმდეგ, ჰიბრიდულ ომს ინტენსიურად აწარმოებს. იმ დროს, როცა საქართველო და მთელი მსოფლიო ყველაზე მოწყვლადია, რუსეთმა გააფართოვა თავისი ჰიბრიდული არსენალი, აგრესიული მედიის პროპაგანდის ჩათვლით“, – წერია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ კრემლის პროპაგანდა საქართველოს ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს და რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის კამპანია კორონავირუსის პანდემიას მოარგო. როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია აცხადებს, ჰიბრიდული ომის წარმოების რუსული ტაქტიკა“, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმართულია „საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, კერძოდ კი „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ წინააღმდეგ, სადაც ტარდება კორონას ტესტები.

,,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ჩვენი უმნიშვნელოვანესი ლაბორატორია, რომ ამ უკანასკნელმა ინფექციის გამომწვევი ვირუსი სამხედრო მიზნებისთვის განავითარა და შესაძლოა, საშიში დაავადებების გავრცელების პროვოცირება მოახდინოს“, – აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ლევან იზორია.

„დე ფაქტო რუსეთი ახდენს უფროდაუფრო მეტი ქართული მიწის ანექსიას მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, აღნიშნავს საქართველოს ელჩი, რომელმაც გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკვალტერ შტაინმაიერისგან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო აკრედიტაცია. 14 ქართულ სოფელს ეხება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისა და მისი ადგილობრივი მოკავშირეების მიერ წარმოებული ე.წ. „ბორდერიზაცია“. (ამას თან სდევს) საბედისწერო შედეგები. ე. წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო ქართული უწყებები ვეღარ ახერხებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მოსახლეობის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. ამან ახალგორის რაიონში ერთი პაციენტის ტრაგიკულად გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, კი „სამხრეთ ოსეთის არალეგალური „სასაზღვრო ჯარების“ წარმომადგენლებმა ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ დააპატიმრეს. სამწუხაროდ, ქართული მხარის ყოველგვარი მოთხოვნა დაჭრილი პირის გადაცემის შესახებ, უპასუხოდ დარჩა“, – აღნიშნულია სტატიაში.

Facebook Comments

ახალი დადებული