რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქცინა და რატომ არ ჩქარობს დანარჩენი მსოფლიო?

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან არასრული 8 თვის თავზე, პირველი ქვეყანა, რომელმაც ინფექციის საწინააღმდეგო უსაფრთხო ვაქცინის შექმნის შესახებ ამბიციური განცხადება გააკეთა, რუსეთია.

ადგილობრივი გამოცემები აქტიურად წერენ, რომ რუსული ვაქცინის კვლევების კლინიკური ფაზა. წარმატებით დასრულდა და ჯანდაცვის სამინისტრო მას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაარეგისტრირებს, თუმცა რამდენად უსაფრთხო იქნება ის მასობრივი გამოყენებისთვის, ამასთან დაკავშირებით დანარჩენ მსოფლიოს ლეგიტიმური ეჭვი აქვს

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე, მათ შორის რუსული ვაქცინის სანდოობის შესახებ პასუხების მისაღებად, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს, ვაქცინის შესაქმნელად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე არანაკლები რესურსი აქვს და ამ საკითხზე ხმამაღალი განცხადებები მისგან გასაკვირი არ არის.

„ფაქტი, რომ რუსეთმა ვაქცინა შექმნა, გასაკვირი არ არის, რადგან რუსებს საკმაოდ სერიოზული აკადემიური რესურსი აქვთ მედიცინაში და კერძოდ ვაქცინების შექმნაში. „გამალეიას ინსტიტუტი“ ერთ-ერთი უძლიერესია აკადემიური პოტენციალის თვალსაზრისით. თეორიულად, მას ვაქცინის შექმნა შეეძლო და შესაძლოა, არანაკლებ სხვა ქვეყნებზე უკეთაც. თუმცა, აქ ყურადღებას იპყრობს ფაქტი, რომ სხვა ქვეყნები მიდიან უფრო სწორი ანუ აკადემიური გზით, ცდილობენ, რომ შექმნილ ვაქცინაზე გაიარონ კვლევის ყველა ის ეტაპი, რომელიც მას სჭირდება. ეს არის სამი ფაზა, რომელთა განმავლობაშიც უნდა დადგინდეს ვაქცინის სპეციფიკური მოქმედების უნარი, რომ მას მართლა შეუძლია ადამიანის კორონავირუსისგან დაცვა და არის უსაფრთხო. დასავლეთის ქვეყნები ამ გზით მიდიან, თუმცა გარკვეული დაჩქარებით, მაგრამ არ მიდიან იმაზე, რომ რაღაც „გაახალტურონ“. რუსეთი კი აცხადებს, რომ უკვე გაიარა კვლევების ორი ფაზა. აქ საეჭვოა, რამდენად სრულფასოვნად ჩატარდა კვლევა, შესაძლოა ეს იყო დაჩქარებული კვლევა, ან მოხდა გარკვეული ეტაპების გამოტოვება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, რუსეთი მიდის ავანტიურაზე, რომელიც არავინ იცის გაამართლებს თუ არა.

„ისინი ამბობენ, რომ ვაქცინის კვლევის მესამე ფაზას 800 ადამიანზე ახლა იწყებენ, პარალელურად კი, არ ელოდებიან მის დასრულებას და ვაქცინას გამოყენებაში უშვებენ. ისინი რისკზე მიდიან. მესამე ფაზამ თუ არ გაამართლა, წარმოებაში ჩაშვებული ვაქცინა გადასაყრელი იქნება, თუმცა მეორე მხრივ, თუ კვლევამ გაამართლა, რუსეთი დროს მოიგებს და მესამე ფაზის ბოლოსთვის უკვე წარმოებული ექნება ვაქცინა. ამან შესაძლოა გაამართლოს, შესაძლოა არა. გარკვეულწილად, რუსეთის მოქმედება ავანტიურისტულია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან განმარტა, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთის მიმართ ნდობა მცირეა და არსებობს ეჭვები, რომ ის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ან გარდაცვლილების შესახებ ნამდვილ ინფორმაციას მალავს.

„რუსეთი ტოტალიტარული ქვეყანაა და ამ შემთხვევაში ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ რასაც ერთი ადამიანი გადაწყვეტს, ის ციფრი და შედეგი დადოს. ამიტომ რუსეთს არ აქვს ნდობა საერთაშორისო საზოგადოებისგან და სიმართლე რომ გითხრათ, მათ ვაქცინას მეც უნდობლობით ვუყურებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ვაქცინის წარმატება გამორიცხულია“, – განმარტა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დროისთვის ყველაზე პერსპექტიულად, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის მხოლოდ 4 ვაქცინას ასახელებს, რომელთაგან ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების, ხოლო 3 ჩინელი სპეციალისტების მიერ არის შექმნილი.

უკვე ცნობილია, ის, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკება სწორედ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის თაობაზე მიმდინარეობს. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს ეს ნაბიჯი, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ინფექციონისტების გადაწყვეტილების სოლიდურობაზე მიუთითქებს.

„კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უსაფრთხო პრეტენდენტად არის აღიარებული. ამიტომ საქართველოს გადაწყვეტილება, რომ ე.წ. სტავკა აღნიშნულ ვაქცინაზე გააკეთოს, სწორია, გამართლებულია და ჩვენი ჯანდაცვის სისტემისა და ქვეყნის მესვეურობის სოლიდარობაზე მეტყველებს. ეს სწორი გზაა, თუმცა რამდენად მოკლე იქნება, ჯერ არ ვიცით. მთელი მსოფლიო რიგშია, ამიტომ ვაქცინის ადრეულად მიღების ჩვენი შანსები როგორია, შესაძლოა ეს ჯანდაცვის სამინისტროში იციან, მაგრამ მე არ ვიცი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის მუტაციისა და პანდემიის პირველი ტალღის ჯერ კიდევ მძლავრი ეტაპის ფონზე, მსოფლიოში გაჩნდა ვარაუდები, რომ ერთჯერადად ვაქცინის გაკეთება ინფექციისგან სამუდამოდ დასაცავად საკმარისი არ იქნება. ინფექციონისტი აღნიშნულ მოსაზრებას საფუძვლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ ვაქცინის დამატებითი დოზის საჭიროებას ეპიდემიოლოგიური სურათი გამოაჩენს.

„ჯერჯერობით უცნობია, რა ხანგრძლივობის მოქმედება ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ანუ გაკეთებიდან რა პერიოდის განმავლობაში დაიცავს ადამიანს. თუ ვაქცინის მოქმედება 6-თვიანი ან 1-წლიანი იქნება და პანდემია 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების საჭიროება დადგება“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

უსაფრთხო ვაქცინის შექმნის შანსების ზრდის პარალელურად, საზოგადოებაში მასთან დაკავშირებული კითხვებიც მატულობს. მათ შორის არის საკითხი, რამდენად შესაძლებელია ვაქცინა გაუკეთდეს ნებისმიერ ადამიანს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ყველა მედიკამენტსა თუ ვაქცინას თავისი უკუჩვენება ან გვერდითი მოვლენა აქვს და ეს ბუნებრივია, თუმცა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კატეგორიები, ვისთვისაც ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული არ იქნება.

„ცნობილი ფაქტია, რომ ყელა მედიკამენტს თავისი უკუჩვენება და შეზღუდვები აქვს. თუ ადამიანს ალერგია აქვს ვაქცინის შემცველობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე, რა თქმა უნდა, მისთვის რეკომენდებული არ იქნება მისი გაკეთება. ეს სუფთა პრაქტიკული საკითხია და გადაწყდება მაშინ, როცა ვაქცინის გამოყენებას დაუშვებენ და ქვეყანა რომელიმე კონკრეტულ ვაქცინას მიიღებს. ვაქცინა გადანაწილდება იმუნიზაციის ცენტრებში და გაიწერება დეტალური ინსტრუქცია, ვის შეიძლება გაუკეთონ და ვის არა“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული