ქობულეთში დაკარგული მამაკაცი ხის ასეთი კაუჭებით ტყეში მანიშნებლებს ტოვებდა

ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იყო.

როგორც ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, დაკარგული მამაკაცი ხის კაუჭებს ამზადებდა, ხეებზე კიდებდა და მანიშნებლებს აკეთებდა.

„5 დღიანი მშფოთვარე ძებნის პერიოდი დასრულდა და ტყეში უგზო-უკვლოდ დაკარგული 85 წლის ავთანდილ (ჰაიდარ) გვარიშვილი, წარმატებული სამძებრო სამუშაოების შედეგად, შინ უვნებელი დაბრუნდა.

რომ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციათა სამსახური და რიგითი მოქალაქეები ეს შემდეგი ვერ დადგებოდა. მადლობა ყველას!

5 დღე-ღამე გაძლო ამ მაგარმა კაცმა უსიერ ტყეში, მშიერმა და მწყურვალმა, მაგრამ სულიერი სიმტკიცე არ დაუკარგავს. ხიდან გამოთლილი ასეთი კაუჭებით მანიშნებლები აკეთა და ხეებზე ჩამოკიდა.

დღეიდან ეს ხის კაუჭი, როგორც ბრძოლისა და ძლიერების სიმბოლო ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება, ჩემს სამუშაო ადგილას და თუ ოდესმე გავიფიქრებ, რომ დავიღალე ან აზრი არ აქვს შრომას ან ბრძოლას, ამ კაუჭს შევხედავ და ყველაფერი რიგზე იქნება.

მშვიდობიანი ღამე ყველას“,-დაწერა მირიან ქათამაძემ სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული