tv-პირველმა გაქცეულ ანესთეზიოლოგში ვერ ამოიცნო „ექიმი“, რომელიც მათ ეთერში იტალიიდან რჩევებს იძლეოდა

ხოჭოლავას შემთხვევამ აჩვენა , რომ საკუთარი სარედაქციო პრიორიტეტების განსახორციელებლად და ამ შემთხვევაში, ქართველი ექიმების გასაკრიტიკებლად, ქართულ მედიას შეუძლია გადაუმოწმებლად ან, შესაძლოა, შეგნებულადაც კი პირდაპირ ეთერში ჩართოს ნებისმიერი არაკომპეტენტური პირი,-ამის შესახებ მედიაკრიტიკა წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტვ-პირველმა გაქაცეულ ანესთეზიოლოგში ვერ ამოიცნო საკუთარი რესპონდენტი, რომელიც პანდემიის დროს იტალიიდან ქართველ ექიმებს განათლებისკენ მოუწოდებდა.

„გასულ კვირაში მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავება გახდა. 2018 წელს არალიცენზირებული მედიკოსების მიერ ორთოპედიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ ახალგაზრდა ქალი უკვე 20 თვეა, კომაში იმყოფება.

ამბავი სხვა ტელეარხების მსგავსად გააშუქა ტვ „პირველმაც“. „ექიმების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე. დაკავებულია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორი ექიმი, კიდევ ერთს კი მხოლოდ იმის გამო ვერ აკავებენ, რომ ის საქართველოში არ იმყოფება,“ – თქვა საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა თემის წარდგენისას 4 აგვისტოს საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში.

სიუჟეტში პაციენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ ქალს ოპერაციისას ანესთეზია არასწორად გაუკეთეს, რადგან: „ვინც იტალიელებს ახლდა, მაგდა ხოჭოლავა, სინამდვილეში თავისი სპეციალობით არ მუშაობს“.

ამ მედიკოსის შესახებ დეტალურად ისაუბრა სიუჟეტის ავტორმაც: „არალიცენზირებულ ექიმებს შორის იყო ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა. მის წინააღმდეგ პროკურატურამ ბრალის დადგენილება დაუსწრებლად გამოიტანა. პროკურატურის ინფორმაციით, ქალის დაკავება სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს, რადგან ის რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არ იმყოფება“.

ტექსტს ეკრანზე ხოჭოლავას ფოტოები გასდევდა. ამის მიუხედავად, ტელეარხმა გაქცეულ ანესთეზიოლოგში ვერ ამოიცნო „ექიმი“, რომელიც საქართველოში კორონაპანდემიის მწვავე ფაზის დასაწყისში ამავე ტელეკომპანიის ეთერში იტალიიდან ჩაერთო და საზოგადოებას რჩევებს აძლევდა.

მიმდინარე წლის მარტში უცხოეთიდან ქართველი ექიმების პირდაპირ ეთერში ჩართვა ძალიან გავრცელებული პროდუქტი იყო. ეს ჩართვები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოში მებრძოლი მედიკოსების საქმიანობისა და კომპეტენციის კრიტიკის ერთგვარ იარაღადაც კი იქცა, უცხოეთში ცხოვრებას კი „კრიტიკული მედია“ ფაქტობრივად ექიმის უპირობო უპირატესობად მიიჩნევდა.

რეალურად მოქალაქე მაგდა ხოჭოლავას შესახებ პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ: „არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და საავადმყოფოში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.“

არადა, სწორედ ეს მედიკოსი თითქმის 20 წუთის განმავლობაში ტვ „პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის გამოცდილებაზე, დაავადების მართვაზე, მკურნალობის მეთოდებზე, კონკრეტულ მედიკამენტებზე, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ეკლესიის როლზე და ა.შ.; ჩართვის დასასრულს კი მან ქართველ კოლეგებს კონკრეტული სამეცნიერო ნაშრომის გაცნობისა და ზოგადად, განათლებისკენ მოუწოდა.

ხოჭოლავას შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ფრთხილი და პასუხისმგებლიანი მიდგომაა საჭირო ისეთ თემებზე მუშაობისას, როგორიც საზოგადოებრივი ჯანდაცვაა და ასევე აჩვენა ისიც, რომ საკუთარი სარედაქციო პრიორიტეტების განსახორციელებლად და ამ შემთხვევაში, ქართველი ექიმების გასაკრიტიკებლად, ქართულ მედიას შეუძლია გადაუმოწმებლად ან, შესაძლოა, შეგნებულადაც კი პირდაპირ ეთერში ჩართოს ნებისმიერი არაკომპეტენტური პირი.

დაბოლოს: პანდემიის საწყის ეტაპზე ამა თუ იმ მედიკამენტის სახელის საჯაროდ დასახელება მოსახლეობაში მის მიმართ სახიფათო ინტერესს აღვიძებდა. ამიტომ არც ის არის გამორიცხული რომელიმე მოქალაქეს თვითნებურად ის წამალიც მიეღო, რომელიც სისხლის სამართლის ფიგურანტმა ექიმმა 17 მარტს ტვ „პირველის“ ეთერში დაასახელა“,-ნათქვამია სტატიაში.

mediacritic

Facebook Comments

ახალი დადებული