დეპუტატი ლევან კობერიძე „ლელოს“ შეუერთდა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლევან კობერიძე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

„ლევან კობერიძე იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მინდა ვუსურვო წარმატებები და იმ იდეების განხორციელება ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ასე გვაღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ერთად გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს სამართლიანი და წარმატებული. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საქმე წინ და სწორედ ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორიც არის ლევანი და გუნდის სხვა წევრები, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

„მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი იმ გუნდს, რომელსაც ჰქვია „ლელო”, რომელიც არის გუნდური თამაშის პრინციპზე აგებული და რომლის მთავარი მიზანია, ქვეყანაში თითოეულმა ჩვენგანმა ის შესაძლებლობა, რაც ქვეყანაში არსებობს და რაც უნდა იყოს რეალიზებული თითოეული მათგანისთვის, მათთვის გახდეს ხელმისაწვდომი. დღეს ქვეყანას სჭირდება სწორედ ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ეს ალტერნატიული ცენტრი უნდა იყოს „ლელოში” და „ლელოსთან” ერთად. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა. ის ღირებულებითი ერთობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისათვის“, – განაცხადა კობერიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული