ენტონი ფაუჩის ეჭვი ეპარება, რომ რუსებმა COVID19-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ენტონი ფაუჩის ეჭვი ეპარება, რომ რუსეთმა COVID19-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა. ამის შესახებ abcnews-ი წერს.

„იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ფაუჩიმ გამოცემასთან ინტერვიუში.

ენტონი ფაუჩის განმარტებით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო მისი უსაფრთხოება.

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ თუკი და როდესაც ამერიკელები მოისმენენ განცხადებებს ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები. მისი თქმით, რუსული ვაქცინის შემქმნელებს ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

2020 წლის 11 აგვისტოს რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა – „სპუტნიკ -V“- ოფიციალურად დაამტკიცა.

Facebook Comments

ახალი დადებული