ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსში, ქალაქ გომელში, საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა, – ამის შესახებ BBC წერს.

როგორც მედიასთან დაღუპულის, 25 წლის კაცის დედა აცხადებს, მას გულის პრობლემები ჰქონდა და აქციაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონში რამდენიმე საათი გაატარებინეს.

ის, აქციების დაწყების შემდეგ, მეორე დაღუპული დემონსტრანტია.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებთან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია და მათ წინააღმდეგ ტყვიები არ გამოუყენებიათ.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.

Facebook Comments

ახალი დადებული