ჩემს პრაქტიკაში ყველა ჭირისუფლის კატეგორიული განცხადებაა: „არა, ის თავს არ მოიკლავდა“

ჩემს პრაქტიკაში 100-დან 100 შემთხვევაში ჭირისუფალი უარყოფს ოჯახის წევრის სუიციდს, ამბობს, რომ ის მოკლეს,-ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „კვირასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. 

საუბარი შეეხო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ვერსიებს, მათ შორის- სუიციდს, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.

მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ჭირისუფლისთვის მკვლელობის ვერსია უფრო ადვილი მისაღებია, ვიდრე – სუიციდი.

„ჩემს პრაქტიკაში არ მქონია შემთხვევა, რომ სუიციდის შემთხვევაში ოჯახს კატეგორიულად არ უარეყო ეს ვერსია. ,,არა, ის თავს არ მოიკლავდა!“ – ყველა ჭირისუფლის კატეგორიული განცხადებაა. მათთვის მკვლელობის ვერსია უფრო ადვილი მისაღებია, ვიდრე – სუიციდის, რადგან შემდეგ ჭირისუფალს ერთვება დანაშაულის გრძნობა; რა დავაკელით, რა ვერ გავაკეთეთ ისე, რამ გადააწყვეტინა თავის მოკვლა?.. არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზიც, რის გამოც ჭირისუფალი ძალზე წუხს – მათ უნდათ, არსებობდეს სულ მცირედი ეჭვიც კი, რომ ადამიანს თავი კი არ მოუკლავს – მოკლეს, რადგან ამ შემთხვევაში ოჯახს ეკლესია წესის აგების უფლებას აძლევს. დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემს პრაქტიკაში 100 შემთხვევიდან 100 ჭირისუფალი ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალება სუიციდით წარმოუდგენელია, რომ ის აუცილებლად მოკლეს. ასეთია ოჯახთა აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა“,-აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი. 

მისივე თქმით, ახლა ოჯახი ძალიან დათრგუნულია და საკუთარ თავსაც არ ენდობა.

„აუცილებლად უნდა იყოს ერთი მაინც ისეთი ადამიანი, რომელსაც დაუჯერებენ. შეიძლება, ეს ადვოკატიც იყოს ან მეგობარი, რომლის ნათქვამსაც ოჯახისთვის წონა ექნება. ჭიაყელა მოაბა ანკესს, მერე ჭირისუფალს გადაუგდო და შენს ნებაზე ათამაშო, არ არის პატიოსანი საქციელი. არ შეიძლება, ისარგებლო ჭირისუფლის ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ვინც უნდა იყო…“,-ამბობს ექსპერტი.

Facebook Comments

ახალი დადებული