თამარ გაბუნია მოსწავლეების მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან დაახლოებით 2- თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაასრულა რეკომენდაციების პაკეტის მოხმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ და სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები შეიზღუდოს.

„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, არსებული ვითარების გათვალისწინებით სწავლის გადადების აუცილებლობა არ არის.

მისი თქმით, ჯანდაცვის სპეციალისტები ჯერჯერობით სიტუაციის მართვას ახერხებენ და აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდეს.

განმარტებით, თუკი სკოლაში თერმოსკრინინგისას ბავშვს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას სპეციალურად მომზადებულ იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

მინისტრის მოადგილე მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და თუკი, ბავშვს რაიმე სახის სიმპტომი გამოუვლინდება, სკოლაში არ გაუშვან.

Facebook Comments

ახალი დადებული