კალაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შევძელით მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა

„ქართული ოცნება“ ადამიანზე, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული ძალაა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დედოფლისწყაროში დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტია

„ქართული ოცნება“ ეს არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველამ ერთად შევძელით, რომ ავტორიტარული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა. რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს, არეკეტებდა ბიზნესს, ახშობდა თავისუფალ სიტყვას, კარგავდა ტერიტორიებს, იპარავდა ხალხის კუთვნილ ბიუჯეტის ფულს და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, თუმცა მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, არეულობის, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ. დედოფლისწყაროში ბევრი გამოწვევაა, ბევრია შესაძლებლობაც და განვითარების პოტენციალი. ამ გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, რომ თქვენთვის, ადგოლობრივი მოსახლეობისთვის მისაღები კანდიდატი ყოფილიყო. მით უმეტეს, იცით, რომ წლევანდელი არჩევნები ცოტა განსხვავებული სისტემით ჩატარდება. თუ წინა შემთხვევებში ყველა ქალაქს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, წელს განსხვავებული რეალობაა, რადგან მხოლოდ 30 მაჟორიტარი კანდიდატი იქნება დასახელებული და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ

Facebook Comments

ახალი დადებული