მარიამ ქვრივიშვილი: ბოლო პერიოდში, საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობები გახშირდა

„ბოლო პერიოდში, საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობები გახშირდა“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ბუნებრივია, მცდელობები ვერ მართლდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიყოთ გულწრფელები და გამოვავლინოთ ის რეალური მიზეზი, თუ რატომ გააქტიურდა მსგავსი მცდელობები. ეს მცდელობები, ძირითადად, ეხება იმ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ, აღნიშნული საკითხებით თავი აარიდონ იმ სავალდებულო, 12-დღიან კარანტინის პერიოდს. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საკარანტინო სივრცეების პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით, შექმნა, არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოში ამ დროისათვის 136 განთავსების ობიექტში საკარანტინო ზონები მოქმედებს, სადაც კარანტინს 7326 ადამიანი გადის. საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას, მათ შორის, მომსახურების ხარისხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები უწევენ მონიტორინგს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კარანტინში მყოფთა კვების რეჟიმს, მიწოდებული სურსათის უვნებლობას, ასევე ჰიგიენური ნორმების დაცვას.​

Facebook Comments

ახალი დადებული