ამირან გამყრელიძე – ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქობულეთის ე.წ. წითელ ზონად გამოცხადების რისკი არ არსებობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ქობულეთის ე.წ. ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება.

„ქობულეთში არავითარი „წითელ ზონად“გამოცხადების საშიშროება არ არის. საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იმყოფება. თავად გახლდით ქობულეთში და საკმაოდ სიმშვიდეა, არავითარი პანიკა არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აჭარის ეპიდემიოლოგიური სამსახური, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინტენსიურად მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მის თქმით, საქართველოში მდებარე სასტუმროების უმრავლესობა ითვალისწინებს იმ ზომებს, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესდა.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რაიონში მომიწია ყოფნა და არსებულ სიტუაციას ვაკვირდებოდი, როგორც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, ასევე სხვა ადგილებში. მინდა გითხრათ, რომ ყველა სასტუმროში საკმაოდ კარგად იცავენ წესებს. საზოგადოებას გათავისებული აქვს, რომ კორონავირუსული ინფექცია არსად გამქრალა და ჩვენს გვერდით არის, ამ ბოლო შემთხვევებმა სწორედ ეს დაადასტურა. კარგია, როდესაც მესტიაში ნამყოფმა ადამიანებმა ვირუსზე შემოწმება ჩაიტარეს. ასეთი 1009 ადამიანია, რომლებიც თვითდინებით მივიდნენ სხვადასხვა ლაბორატორიებში და თავიანთი სტატუსი გადაიმოწმეს, მათგან დაახლოებით 12-მდე ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია და ადრეულ ეტაპზე მოხდა მათი საავადმყოფოებსა და კარანტინში გადაყვანა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული