ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ყოფილი პრეზიდენტი უწოდა

ორი მეზობელი ქვეყნის- ლიეტუვასა და ბელარუსის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ლიეტვას საზღვართან ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება, ბოლო დღეებში კიდევ უფრო დაიძაბა. 

ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლინას ლინკიავიჩუსმა ალექსანდრ ლუკაშენკოს საკუთარ twitter-ზე, ასევე BNS-თან ინტერვიუში „ყოფილი პრეზიდენტი“ უწოდა. ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი, Sky News-ს განუცხადა, რომ ბელარუსში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა და ლუკაშენკოს პრეზიდენტად ვერ მოიხსენიებს.

მისი ესტონელი კოლეგა კერსტი კლიულაიდი აცხადებს, რომ ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ ენდობა. მისივე თქმით, ესტონეთმა ევროკავშირს შესთავაზა ბელარუსის ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.

აქტიურობენ ლიეტუველი პარლამენტარებიც. მათ ბელარუსში ჩასვლა მოინდომეს, თუმცა მინსკიდან მიიღეს გაფრთხილება, ევროდეპუტატი ლიეტუვადან პიატრას აუსტრიავიჩუსი ბელარისში არ შეუშვეს, მისი პოლონელი კოლეგა რობერტ ბედრონი კი მინსკის აეროპორტიდან ლიეტუვაში გაადეპორტეს.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე პროტესტი გარე ძალებით იმართება. 

ცნობისთვის, დღეს მინსკში ხალხმრავალი აქციები ჩატარდა როგორც პროსახელისუფლებო, ისე ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალების მიერ. 

Facebook Comments

ახალი დადებული