ვახტანგ გომელაურმა ახლად შექმნილი არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ახლად შექმნილი არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო მოინახულა, რომელიც ფუნქციონირებას 2020 წლის 24 ივნისიდან შეუდგა.

სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და, მეორე მხრივ, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლებას.

არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებსაც არაერთი გადამზადების კურსი აქვთ გავლილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით.

არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო ქ. თბილისის მასშტაბით იმუშავებს არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ (მათ შორის, 14 წლამდე ასაკის პირების მიერ) ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. ასევე, სამმართველოს კომპეტენციას მიეკუთვნება არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას, რა მიზნითაც 2020 წლის ბოლომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და პანკისის ხეობაში მოეწყობა მსგავსი ტიპის ოთახები.

Facebook Comments

ახალი დადებული