მედიაკრიტიკა: ქართული მედია 17 წლის შემდეგაც იგივე პრობლემების წინაშე დგას და ეს პრობლემები იწვევს რეალობის ყალბ აღქმას

მედიის თვითრეგულირების სისტემების ერთ-ერთი მკვლევარი, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი კლოდ ჟან ბერტრანი, 2003 წელს საქართველოს შესახებ ევროსაბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში წერდა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჟურნალისტებს მიდრეკილება აქვთ უარყონ სოციალური პასუხისმგებლობა, რის გამოც ისინი მიდიან ეთიკის უარყოფამდე. იმავე ანგარიშში პროფესორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ცნებების არასრულფასოვან აღქმაზეც. ამის შესახებ „მედია კრიტიკა“ წერს.

სამწუხაროდ, ქართული მედია 17 წლის შემდეგაც იგივე პრობლემების წინაშე დგას და ეს პრობლემები იწვევს რეალობის ყალბ აღქმას. მაგალითად, ბევრი ქართველი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისი უფლებამოსილება აბსოლუტურად შეუზღუდავია, მიუხედავად იმისა, გამოიწვევს თუ არა ეს თვითნებური „ლეგიტიმაცია“ სხვათა უფლებების შეზღუდვას.

ამ აღქმის ერთ-ერთი დამადასტურებელი შემთხვევა იხილა მაყურებელმა 16 აგვისტოს, „მთავარ არხზე“, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“, სადაც ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩაერთო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ადგილზე ის ცდილობდა გაერკვია, თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ თბილისიდან მინსკში, ხოლო შემდეგ უკან, კვლავ თბილისში ჩამოფრინდა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ჟურნალისტს გარკვეულ ტერიტორიზე გადაადგილების საშუალება არ მისცა, ჩართვის მეტი წილი მან დაცვის თანამშრომლებთან პირდაპირ ეთერში კინკლაობას დაუთმო, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ამ კომუნიკაციაში იყო მონაკვეთი, როცა ჟურნალისტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ქვეყნის პრეზიდენტზე აზრის დაფიქსირება მოსთხოვა:

„თქვენი აზრით ლუკაშენკო დიქტატორი არის თუ არა, კი თუ არა.. მინსკში რა მოვლენებიც ხდება, ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ?“

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის თანამშრომელმა ჟურნალისტს ძალიან მოკრძალებულად აუხსნა, რომ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და პოლიტიკური შეფასებების გაკეთება მისი საქმე არ არის, ჟურნალისტმა კვლავ განაგრძო მასზე ზეწოლა: „არ ადევნებთ თვალს მინსკში მიმდინარე მოვლენებს? მაშინ მე აგიხსნით“ და ა.შ.

გარდა ამისა, ჟურნალისტი ჩართვის დროს იმ ფაქტსაც აპროტესტებს, რომ დაცვის თანამშრომელი მას პრესსამსახურში ამისამართებს. „ეს პრესამსახურის პრევეგატივა არ არის, ეს არის თქვენი პრევეგატივა,“ – კვლავ დაჟინებით მოითხოვს ჟურნალისტი „სუბიექტური მოსაზრების“ დაფიქსირებას ისე, თითქოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანაშრომლის სუბიექტური აზრი ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობაზე უაღრესად საინტერესო და საჭირო ინფორმაცია იყოს ქართველი მაყურებლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტის „გმირი“ სავარაუდოდ ახალი სახეა ქართულ ტელემედიაში. ერთი მხრივ ამას ადასტურებს თავად გადაცემის წამყვანისა და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართვა, რომელიც პირდაპირ ეთერში „ასწავლის“ მას, რომ „ყველაფერი უნდა გააკეთო“ („ჩათვალე, რომ ეს ჩართვა შენი ჟურნალისტური ნათლობაა და გააკეთე ყველაფერი...“), ხოლო მეორე მხრივ ამას ადასტურებს ჟურნალისტის გაკვირვებაც პრესცენტრში გადამისამართების გამო.

ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ახსოვს 2003-2012 წლები, ახსოვთ ისიც, რომ ტერმინი – „მიმართეთ პრესცენტრს“, სწორედ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის დამკვიდრებული, რომელთა ინტერესებსაც ახლა „მთავარი არხი“ გამოხატავს.

„მედია კრიტიკა“

Facebook Comments

ახალი დადებული