„მინისტრის მოადგილემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა“ – სტატუსშეჩერებული სტუდენტები სამინისტროში შევიდნენ

სტატუსშეჩერებული სტუდენტები, რომლებმაც განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქცია გამართეს, განათლების მინისტრის მოადგილეს ხვდებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული მომავლისთვის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა  განაცხადა, სახელმწიფოს დახმარება, რომელიც პრემიერმა დაანონსა, აქციის მონაწილე სტუდენტებს არ ეხებათ.

„განათლების მინისტრის მოადგილემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, შეხვედრასთან დაკავშირებით და ახლა სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

„მასწავლე მომავლისთვის“, „დემოკრატიული მომავლის“, – ამ და სხვა სლოგანებით, სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მოითხოვეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოსგან, რათა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სწავლის გაგრძელება შეძლონ.

აქციას შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატიული მომავლისთვის“.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფინანსებს.

„სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფოსგან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებენ და ასევე ამავე ქულათა ოდენობის მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მთავრობა ერთი წლის სწავლის საფასურს გადაუხდის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული