ამბოხებული სამხედროების მიერ დაკავებულმა მალის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ამბოხებული სამხედროების მიერ დაკავებულმა მალის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

„მადლობას ვუხდი ხალხს მხარდაჭერისთვის და მინდა განვაცხადო თანამდებობის დატოვების შესახებ. გარდა ამისა, დათხოვნილად ითვლება ეროვნული ასამბლეა და ქვეყნის მთავრობა. არ მსურს, რომ ხელისუფლებაში ჩემს დარჩენას ქვეყანაში სისხლისღვრა მოყვეს“, – განაცხადა კეიტამ მალის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია სამხედროების აჯანყების შესახებ, რომლებმაც იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა და პრემიერ-მინისტრი ბუბუ სისე პრეზიდენტის რეზიდენციაში დააკავეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა სამხედროების პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა მალის პრეზიდენტის პოსტზე 2013 წელს აირჩიეს, მანამდე კი ის სხვადასხვა დროს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული