ამირან გამყრელიძე: ვმუშაობთ ბათუმის ბულვარში 2 კარავის დადგმაზე, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით ტესტირებას შევთავაზებთ

დიდი ალბათობით, ხვალიდან დაიწყება ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის სავალდებულო ტესტირება. ვმუშაობთ იმაზე, რომ ბათუმის ბულვარში 2 კარავი დაიდგას, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით ტესტირებას შევთავაზებთ. მეტი ყურადღება გვმართებს, აქტიურია ტურისტული სეზონი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ პრევენციული ზომები აუცილებლად უნდა გავატაროთ, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვაქვს 1361 შემთხვევა, მათ შორის 10 ახალი. აქედან სამზე მიმდინარეობს დეტალური ეპიდემიოლოგიური კვლევა. ქვეყანაში საყურადღებოდ რჩება 4 წერტილი. პირველი არის მესტია, სადაც სერიოზული სამუშაოები ტარდება. ჩატარებულია ინტენსიური გაფართოებული ტესტირება 3509 ადამიანთან უშუალოდ მუნიციპალიტეტში და 1246 ადამიანთან, რომლებსაც მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. ამ კლასტერში გვაქვს 49 შემთხვევა, აქედან 29 დადასტურდა მესტიის მუნიციპალიტეტში. ლენჯერი ცხელ წერტილად რჩება, თუმცა 21 აგვისტოს სრულდება 12-დღიანი პერიოდი და მასობრივად გაიტესტება 700-მდე ადამიანი, ვინც მესტიაში, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში იმყოფება. კარგია ის ფაქტიც, რომ მესტიაში ბოლო 4 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მეორე ცხელი წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც გვაქვს 12 შემთხვევა. აქედან 4 სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, დანარჩენები კი მათი ოჯახის წევრები. საყურადღებო რეგიონად იქცა ქობულეთი, სადაც კაფე „ჰავანას“ 2 თანამშრომელი, მათი 2 კონტაქტი და ერთ-ერთი მათგანის დედაა ინფიცირებული. ეს კაფე დაკეტილია და დღეს საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ თავდაცვის მიზნით ტესტირების გაფართოება აჭარის რეგიონში. დიდი ალბათობით, ხვალიდან დაიწყება ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის სავალდებულო ტესტირება. ვმუშაობთ იმაზე, რომ ბათუმის ბულვარში 2 კარავი დაიდგას, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით ტესტირებას შევთავაზებთ. მეტი ყურადღება გვმართებს, აქტიურია ტურისტული სეზონი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ პრევენციული ზომები აუცილებლად უნდა გავატაროთ. მეოთხე საყურადღებო წერტილია ყარაჯალარი, სადაც გრძელდება ტესტირება, მაგრამ, სამწუხაროდ, დამყოლობა ისეთი არაა, როგორიც გვინდა, რომ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული