“გამოჩნდებიან თუ არა რუსული ტანკები მინსკში?… პუტინს ლუკაშენკოს ქცევა დიდი ხანია აღიზიანებს…” – როგორ ეხმაურება უცხოური მედია ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება. გთავაზობთ უცხოური გამოცემების მიმოხილვასა და შეფასებას.
აშშ-ის რადიოსადგურის “ამერიკის ხმის” რუსულმა სამსახურმა (“Голос Америки”) გამოაქვეყნა სტატია სათაურით “პუტინი და ლუკაშენკო: რა იქნება შემდეგ?”, რომელშიც გამოთქმულია ამერიკელ ექსპერტთა ვარაუდები მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით (ავტორები – ვალერია ეგისმანი და ევა ბოლდინა).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
“რამდენიმე დღის წინ ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. მოგვიანებით ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მხარეები იმოქმედებენ იმპრინციპების მიხედვით, რომლებიც სამოკავშირეო და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებებშია ჩადებული.
ბევრს შეშფოთდა: რუსეთი სამხედრო ძალას გამოიყენებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ხელისუფლება შეუნარჩონოსო. რამდენად აქვს საფუძველი ასეთ ვარაუდს?

პენსილვანიის უნივერსიტეტში არსებული ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი (იგი ადრე პენტაგონის მაღალჩინოსანი იყო) თვლის, რომ საეჭვოა მოსკოვმა ბელარუსის ამბებში პირდაპირი, ღია ჩარევის გადაწყვეტილება მიიღოს. უფრო ისე მოხდება, რომ კრემლი თავისი სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ჩუმად გაგზავნის ლუკაშენკოს დასახმარებლად:
“თუ რუსეთი რაღაცას მაინც მიხვდა და გააცნობიერა უკრაინაში და საქართველოში შეჭრის შემდეგ, ეს ისაა, რომ მოსკოვმა უნდა იცოდეს – მეზობელ ქვეყანაში სამხედრო აგრესიას ანტირუსული განწყობების ზრდა მოსდევს. მე არ ვიცი, რას გააკეთებს და რა ნაბიჯს გადადგამს ამ შემთხვევაში რუსეთი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მოსკოვი, ალბათ, საიდუმლოდ გაგზავნის “ეფ-ეს-ბე”-ს (ФСБ) აგენტებს ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის დასახმარებლად და ოპოზიციის პროტესტების ჩასახშობად, ანუ ყირიმისებური “პატარა მწვანე კაცუნების” მსგავსი არაფერი არ მოხდება”, – ამბობს ექსპერტი.
აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ანდერს ოსლუნდიც ასევე თვლის, რომ რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევა ბელარუსის საქმეებში ნაკლებ სავარაუდოა და ხაზს უსვამს, რომ მოსკოვს ბელარუსის სიტუაციაზე გავლენის მოსახდენად სხვა შესაძლებლობებიც აქვს.
“ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლუკაშენკოსთან ტელეფონით საუბრის შემდეგ პუტინის განცხადებაში ვერ დავინახეთ მისი მხარდაჭერა ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ. პუტინი უფრო მეტს ლაპარაკობდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ბელარუსის ხელისუფლებაში, მთავარია ამ ორ ხელშეკრულებაში ჩადებული დებულებების ერთგული იყოს, როგორც ეს სომხეთის შემთხვევაში მოხდა…fb
“რუსეთისათვის გაკვეთილი იყო უკრაინის 2014 წლის ამბებიც, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირადღირებული აღმოჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო საფრთხე გაქრება. კრემლი, ალბათ თავის ჯარებს ბელარუსის საზღვრებთან გადაისვრის. მოსკოვი არ იტყვის იმას, რომ შეჭრას გეგმავენ, მაგრამ მზად იქნებიან იმ შემთხვევისათვის, თუ ბელარუსში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა”, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი.
დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი კითხვაა: რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის სამხედრო ჩარევა ბელარუსის მოვლენებში? ამაზე პრაქტიკულად მთელი დასავლური პრესა წერს.

ბრიტანული “გარდიანი” (“The Guardian”) იტყობინება, რომ ევროკავშირის ლიდერები დღეს ექსტრენულ სამიტზე უნდა შეიკრიბონ, რომლის დროსაც პოზიციებს შეათანხმებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ბელარუსის საკითხზე მოსკოვის შესაძლო ჩარევის დროს. გაზეთი წერს, რომ ჯერ კიდევ წინა კვირას სასწრაფო შეხვედრის ჩატარება აუცილებელი არ ჩანდა, მაგრამ მოვლენები სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით ლუკაშენკოს განცხადების ფონზე რუსეთის პრეზიდენტისადმი დახმარების თხოვნის შესახებ. ამასთან, როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, უკრაინის სიტუაციისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც ყირიმის პრობლემა დადგა, ბელარუსის შემთხვევაში რუსეთს გაუჭირდება სამხედრო შეჭრის საფუძველი იპოვოს. ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობა საშინაო პოლიტიკური მოვლენაა, მას არ აქვს არც ანტირუსული და არც პროდასავლური ხასიათი – საქმე მხოლოდ ხელისუფლებას ეხება.
როგორც გერმანული “დოიჩე ველე” (Deutche Welle) იტყობინება, ბელარუსის პრეზიდენტის მოქმედება, მისმა ფრანგმა და გერმანელმა კოლეგებმა – ემანუელ მაკრონმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააკრიტიკეს და მოუწოდეს ძალადობა შეწყვიტოს და ოპოზიციასთან დიალოგი გამართოს.
მართალია, ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსის ცესკოს მონაცემებს ალექსანდრე ლუკაშენკოს 80%-იან გამარჯვების შესახებ, მაგრამ გერმანია მაინც ცდილობს შუამავლის როლი შეასრულოს ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც 18 აგვისტოს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაუკავშირდა, მასთან საუბრის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტპატიმრების დაუყონებლივი გათავისუფლებისაკენ მოუწოდა.fb
ევროკავშირი ძალიან ფრთხილობს – ვაითუ რუსეთი ბელარუსის მოვლენებში ჩაერიოსო. “ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც რუსეთი კონფლიქტში ჩარევის საბაბად გამოიყენებს. ჩვენ სრულებით არ გვჭირდება მეორე უკრაინა”, – განაცხადა “დოიჩე ველე”-სთან საუბარში ევროკავშირის დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვით.
ფრანგული გაზეთის “ლე ფიგაროს” (Le Figaro) 19 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “ბელარუსის რევოლუციის “წითელი ხაზები”: თუ ვლადიმერ პუტინი დონბასში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებს, იგი ბელარუსის მოვლენებში ღიად არ ჩაერევა”.

პუბლიკაციის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი რენო ჟირარი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას – რა “წითელი ხაზები” არსებობს პუტინისათვის ბელარუსში და გამოჩნდებიან თუ არა რუსული ტანკები მინსკში, პრაღის მსგავსად.

გთავაზობთ ამონარიდს:”ვლადიმერ პუტინი არ გაგზავნის ტანკებს ბელარუსი დემონსტრანტების წინააღმდეგ – იმიტომ, რომ ეს მისი დიდი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. რუსული დიპლომატია იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ოპოზიციის აშკარა გამარჯვება, კულისებში იმუშავებს გარდამავალი რბილი პროცესის განსახორციელებლად, რაც საშუალებას მისცემს მოსკოვს წყნარად შეცვალოს ალექსანდრე ლუკაშენკო ისეთი ზომიერი ლიდერით, რომელიც მისაღები იქნება კრემლისთვისაც და ოპოზიციისთვისაც.
თუ რუსეთის პრეზიდენტი დასკვნას გამოიტანს დონბასში, 2014 წლის ზაფხულში ჩადენილი შეცდომის გათვალისწინებით, მაშინ იგი თავს შეიკავებს ბელარუსში სამხედრო ჩარევისაგან. იგი სთხოვს თავის ძალოვან სტრუქტურებს, რომ დაარწმუნონ ბელარუსელი კოლეგები იმაში, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო რბილად გადააყენონ პოსტიდან. ეკონომიკური პრობლემების კვალობაზე მოსკოვს ახლა სასიცოცხლო ჰაერივით სჭირდება საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, თუ კრემლი 1968 წელს მომხდარ ლეონიდ ბრეჟნევისეულ პრაღის მოვლენებს გაიმეორებს, ამით მისი ავტორიტეტი არ ამაღლდება. ვლადიმერ პუტინი ახლა იმით არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩინოს კრემლის ახალი მშვიდობიანი იარაღი – კოვიდ-19″-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა”, – წერს ავტორი “ლე ფიგარო”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგ”-მა (Bloomberg) გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით “ბელარუსში ყველაფერი ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული”, რომლის ავტორია ანდრეას კლუტი, გერმანული გაზეთის Handelsblatt-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი და ბრიტანული ჟურნალის Economist-ის მიმომხილველი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

“ძნელია წარმოიდგინო იმაზე ავბედითი რამ, როცა “პრობლემების მოსაგვარებლად” რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვინმეს “დახმარებას” სთავაზობს. არადა, სწორედ ეს აღუთქვა მან ალექსანდრე ლუკაშენკოს – ბელარუს დიქტატორს, რომელიც დღეს “ალყაშია მოქცეული” და “სულს ღაფავს”.fb
ბელარუსი ერთი მხრივ, დასავლეთს – ევროკავშირსა და ნატოს, მეორე მხრივ, აღმოსავლეთს – რუსეთს შორის მოქცეული სახელმწიფოა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ის თუ ვის მოუწევს საბოლოოდ მისი მომავალი ბედის გადაწყვეტა – დასავლეთს თუ აღმოსავლეთს.
მაგრამ ცხადია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მან 1994 წლიდან ყველა ხრიკი მოსინჯა და ბინძური მეთოდებით ისარგებლა ხელისუფლებაში დასარჩენად: ოპონენტებს იჭერდა და ციხეში გზავნიდა, არჩევნების შედეგებს აყალბებდა და მკაცრად უსწორდებოდა დემონსტრანტებს. მაგრამ დადგა დრო, რომ მან გაიგოს – თამაში დამთავრებულია. მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ 9 აგვისტოს არჩევნებში ხმების 80% მიიღო, მან აშკარად წააგო. პრეზიდენტის ერთგულმა “გოლოვორეზ-ომონ”-ელებმა ვერ შეძლეს მოსახლეობის შეშინება. მათი მხეცობის ფონზე საპროტესტო არენაზე ქალები გამოვიდნენ და თანამემამულეების სულისკვეთება აამაღლეს.  (წყარო)
ბელარუსის მომავალს ვერც სვეტლანა ტიხანოვსკაია ვერ განსაზღვრავს. მართალია, იგი ოპოზიციის დე-ფაქტო ლიდერია და არჩევნებშიც ჭეშმარიტად მან გაიმარჯვა, მაგრამ გასულ კვირას იგი ლიეტუვაში გაიქცა შვილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ბელარუსიდან უფრო ადრე გაარიდა. სვეტლანა ტიხანოვსკაია ზნეობრივი შუქურაა, მას შეუძლია ბელარუსებს სული შთაბეროს წინააღმდეგობის გასაწევად და თუ რევოლუცია გაიმარჯვებს, დაბრუნდება სამშობლოში, ქმარს და სხვა პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს და განმეორებით არჩევნებს ჩაატარებს… მაგრამ მას არ აქვს ის ხისტი ძალა, რომლის გარეშე საიმედო და მტკიცე თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი.
მოკლედ, საბოლოო სიტყვას ვლადიმერ პუტინი იტყვის. ძნელია ამის აღიარება იმ დროს, როცა მსოფლიო ბელარუსებს ამხნევებს და თავისუფლების მოპოვებისათვის მორალურად ეხმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში პუტინი მთავარ როლს შეასრულებს და ამის უარყოფა თავის მოტყუება იქნებოდა.
ვლადიმერ პუტინს დიდი ხანია ორი პრინციპი ამოძრავებს: პირადი ძალაუფლების განმტკიცება და “რუსული სამყაროს” აღორძინება, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით (მისი სიტყვებით თუ ვიტყვით – “საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფით”) დაიკარგა. პუტინის აზრით, დასავლეთი, ევროკავშირისა და ნატოს სახით, რომელიც რუსეთის ისტორიულ-ტრადიციული გავლენის სფეროში იჭრება, ამ სფეროდან გაძევებული უნდა იქნეს.
აი, ამიტომ იყო იგი “ფერადი რევოლუციების” მტერი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც 2003 წელს საქართველოდან დაიწყო. იგი ნებას არავის მისცემს, რომ აღმოსავლეთ ევროპა და სამხრეთ კავკასია უფრო დემოკრატიული, აყვავებული და პროევროპული გახდეს. ეს რუსეთის პრეტენზიების წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა “ევრაზიულ” ლიდერობაში.
წარმოუდგენელია, რომ ვლადიმერ პუტინი უმოქმედო იქნებოდა იმ დროს, როცა ბელარუსი ცდილობს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა გახდეს. ბელარუსული ენა, კულტურა და ტრადიციები (უკრაინულის მსგავსად) ძალიან ჰგავს რუსულს. პუტინი ბელარუსს რუსეთის ღარიბ ნათესავად მიიჩნევს. პრეზიდენტ პუტინს მწვავე ისტორიული შეგრძნება აქვს იმისა, რომ ბელარუსი მას სჭირდება როგორც ბუფერი დასავლეთ ევროპასთან. გავიხსენოთ, რომ რუსეთში შესაჭრელად ნაპოლეონმა და ჰიტლერმა სწორედ ბელარუსის ტერიტორიაზე გაიარეს.
ბელარუსი ვლადიმერ პუტინში ირედენტულ წარმოსახვებსაც აჩენს: მას როცა “რუსული სამყაროს” აღორძინება განიზრახა, სწორედ ბელარუსის შერწყმა ჰქონდა მხედველობაში რუსეთთან ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს სახით – ცხადია, მისი ხელმძღვანელობით.
ამიტომაც ვლადიმერ პუტინს ალექსანდრე ლუკაშენკოს ქცევა დიდი ხანია აღიზიანებს: “ბატკა” ფორმალურად ვითომდა პროკრემლელია, მაგრამ სამოკავშირეო ინტეგრაციის გაღრმავების გეგმებზე არ თანხმდება. პუტინი მას მაინცდამაინც დიდი გონების პატრონად არ თვლის, თუმცა კარგად იყენებს საკუთარი ინტერესებისათვის – ბელარუსში დემოკრატიული გადატრიალების თავიდან ასაცილებლად. თუ ლუკაშენკო ამას ვერ მოახერხებს, მაშინ პუტინი მას მიატოვებს.
ვლადიმერ პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ, თუ სტრატეგიული კვლევების ლექსიკონით ვისარგებლებთ, მას “ესკალაციური უპირატესობა” აქვს. იგი წყვეტს და არა დასავლეთი, თუ როდის უნდა გადავიდეს მტრობის შემდეგ დონეზე. ამიტომაც ვლადიმერ პუტინი ყოველთვის მზადაა ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს.
დემოკრატიის ქომაგები სიხარულის ცრემლებს დაღვრიან ბელარუსის თავისუფლებით, მაგრამ მალევე აღმოაჩენენ, რომ თურმე ახალი დამონების გამო ტირიან”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო: kvirispalitra.ge

Facebook Comments

ახალი დადებული