გუშინდელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელმა პირებმა აურიეს ფაქტები და ლოკაციები

გუშინდელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი პირები ურევენ ფაქტებს და მშენებარე სახლის ლოკაციებს,-ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებულების ადვოკატების მიერ გუშინ ჩატარებული ექსპერიმენტი ვერ იქნება რეალობის ინსცენირება, რადგან იაკობ ბრეგვაძე შემთხვევის დროს სხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა. 

„მთელი 2 დღეა გვესმის, რომ იაკობმა შეცვალა ჩვენება, რაც არის ტყუილი, მას ჩემი ჩართვის შემდეგ ჩვენება საერთოდ არ მიუცია, სულ მიცემული აქვს 2 ჩვენება, 2-21-ში. მასმედია მაშინაც ამბობდა, თითქოს მან შეცვალა ჩვენება. ეს არის ტყუილი.

იაკობს არ ამოუცნია არცერთი მოქმედი პირი, მან დაინახა გზის საპირისპირო მხარეს გადასული თეთრპერანგიანი ადამიანი, რომელზეც ივარაუდა, რომ ეს იყო მისი თანმხლები ახვლედიანი, რომელსაც თეთრი პერანგი ეცვა. გუშინდელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი პირები ან მიზანმიმართულად ურევენ ფაქტებს და ლოკაციებს ამ მშენებარე სახლის, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ქუჩის მხრიდან გადმოიხედეს. რეალურად, იაკობ ბრეგვაძე სრულიად სხვა მხარეს იყო.

ჩვენ მათთვის გადაცემული გვაქვს, იაკობ ბრეგვაძის ლოკაციის ადგილი. სადაც ცალსახად წერია, რომელი კიბით ავიდა მეორე სართულზე, რომ შევიდა პატარა ოთახში, საიდანაც განახორციელა ზარი 112-ში“,-აცხადებს ჭკადუა.

ადვოკატის თქმით, იაკობ ბრეგვაძე მშენებარე სახლისკენ გაიქცა მაშინ, როდესაც გზაზე გაჩერდა მერსედესის მარკის ავტომანქანა და იქიდან გადმოვიდნენ აგრესიული ადამიანები.

„ის გადახტა „უდიდეს“ ღობეზე, როგორც ადრე ბევრი ინტერპრეტირებდა და თქვენ გუშინ კარგად დაინახეთ, რომ ამ „უდიდეს“ ღობეზე ექსპერიმენტის მონაწილეები ძალიან ადვილად გადახტნენ. როდესაც ქვემოთ სიტუაცია მიწყნარდა, იაკობმა დაიწყო დაბლა ჩამოსვლა კიბეებზე და ზუსტად ამ დროს დაინახა „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდნენ ადამიანები. ამ დროს ის ისევ აბრუნდა უკან და გავიდა იმ აივანზე, საიდანაც უკვე ხელის გულივით ჩანს მთელი ხიდი, ის ტერიტორია, საითაც ეს ადამიანები გარბოდნენ. ხიდი არის ლამპიონებით განათებული. მას შეუძლია ცალსახად თქვას, რომ ერთ-ერთი თეთრპერანგიანი პირი 2 ადამიანთან ერთად, უკვე გადასული იყო გზის მეორე მხარეს, ასევე დაინახა ადამიანები, რომლებიც მათ მისდევდნენ, თუმცა ის მათ არ იცნობდა“,-განაცხადა ირმა ჭკადუამ. 

Facebook Comments

ახალი დადებული