ჩვენთან დამკვიდრდა, რომ ადამიანები საუბრობენ სისულელეს, ოღონდ დამაჯერებელი სახით

აუდიტის დასკვნა არსებობს, პროკურატურაშიც გადაგზავნილია და შეგიძლიათ, გამოიტანოთ, ეს ღიაა და დაინახავთ, ვის მიმართ არის კითხვები,- ასე უპასუხა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტის კითხვას აუდიტის სამსახურისა და 45-მილიონიანი სესხის შესახებ.

ვასილ მაღლაფერიძემ, რომელმაც პირველი არხის გენერალური დირექტორის პოსტი გუშინ დატოვა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არანაირი აუდიტი პირველ არხზე ახლა არ შესულა. თუმცა არსებობს დასკვნა, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ადრე იყვნენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ახლა სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობენ.

„თუ კარგად შეისწავლით, სწორედ მათთან არის კითხვები. სხვათა შორის თქვენთანაც არიან ასეთი ადამიანები“,-მიმართა მაღლაფერიძემ რუსთავი2-ის ჟურნალისტს. 

რაც შეეხება 45-მილიონიან სესხს, რომელზეც საქართველოს პირველი არხის პროფკავშირების თავმჯდომარემ ისაუბრა, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსები დანაშაულებრივად ხმარდებოდა სხვა ტელევიზიებს, იგივე „რუსთავი2“-ს, სესხის აღებით კი, მოხერხდა ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღება.

„სამწუხაროდ, ჩვენთანაც დამკვიდრდა, რომ ადამიანებმა არ იციან, რას ლაპარაკობენ. მაინც საუბრობენ ამ სისულელეს, ოღონდ დამაჯერებელი სახით. აუდიტის დასკვნა არსებობს, პროკურატურაშიც გადაგზავნილია და შეგიძლიათ, გამოიტანოთ, ეს ღიაა და დაინახავთ, ვის მიმართ არის კითხვები. რაც შეეხება სესხს, პროფკავშირების თავმჯდომარე ჩემამდე მუშაობდა აქ და უყურებდა ამ დაქცეულ ვითარებას. ვითარება დაქცეული იყო იმიტომაც, რომ ამ ტელევიზიის რესურსები პირდაპირ ხმარდებოდა სხვა ტელევიზიებს დანაშაულებრივად, თუნდაც იმავე „რუსთავი 2“-ს. ძალიან ცუდია, რომ ეს არ იცის პროფკავშირების თავმჯდომარემ. ამიტომ იყო 45 მილიონის სესხი საჭირო, რომ ამ არხზე მომხდარიყო ტექნიკური გადაიარაღება. გონიერ ადამიანს ამაზე კითხვა არ უნდა გაუჩნდეს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პირველმა არხმა უკვე გადალახა ძირითადი დაბრკოლებები და სეზონიდან სეზონამდე მოიმატებს ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოება.

Facebook Comments

ახალი დადებული