მეუფე იაკობი – არიან სუსტი ადამიანები, ვისაც ჩადენილ დანაშაულებზე ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ – შევუნდოთ და იმის უფლება მაინც აღარ ექნებათ, კიდევ რაღაცები მოგვახვიონ თავს

არიან ძალიან სუსტი ადამიანები, ვისაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ იმისთვის, რა დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი, საშინელი დანაშაულები ღვთისა თუ ერის წინაშე. შევუნდოთ და იმის უფლება მაინც აღარ ექნებათ, რომ გამოვიდნენ და კიდევ რაღაცები მოგვახვიონ თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ანაგის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნებზე იმდენს არ ფიქრობენ, რამდენადაც მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ლანძღავენ.

„ერთმანეთი არ ვლანძღოთ, განა რომელიმე პარტიისკენ მოგიწოდებთ? ვინც ილანძღება, ჩემთვის ყველა მიუღებელია. მე თუ შევიგინები და ჩემზე წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა, ყოველ დღე იგინებიან. იქნებ მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ. შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ? პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. ნუ იქნება მეგობარი და ნათესავი, ჩვენი მოქალაქეა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

მან ასევე კორონავირუსთან დაკაშირებთ ისაუბრა და განაცხადა, რომ სიფრთხილე აუცილებელია, რათა ქართველები „ისევ არ განუდგნენ ღმერთს და უაზრო რაღაცებს არ უსმინონ“. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს სიძლიერისკენ მოუწოდა.

„რაღაც ვირუსი შემოვიდა და რა მოხდა? არ ვიაროთ ეკლესიაშიო. თუ ომში მივდიოდით, სადაც ცოცხალი არ უნდა დავბრუნდებულიყავით, ყველას თავი გადადებული ჰქონდა, ამ მშვიდობიანობის პერიოდში რატომ არ უნდა მივსულიყავით და რატომ არ უნდა ვზიარებულიყავით?“,- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

წყარო:interpressnews.ge

Facebook Comments

ახალი დადებული