მინისტრი დაკავებულ ექიმზე: გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა. 

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო რეგულირების სააგენტოსთან ერთად დაიწყებს თითოეული საექიმო საქმიანობის დეტალურ გაწერას, რათა მოსამართლისთვის და გამომძიებლისთვის იყოს მეტად უფრო ცხადი, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის.

“მნიშვნელოვანია, რომ ყიფიანების ოჯახი ასევე, თვლის, რომ დროულად არის საჭირო ყველა იმ პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ მეტ სიცხადეს შევიტანთ ყველა პროფესიის, დარგის კომპეტენციის ჩამონათვალში. ეს შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მოვლენას, რომ მოხდება ასოციაციების მობილიზება და ჩვენ რეგულირების სააგენტოსთან ერთად დავიწყებთ თითოეული საექიმო საქმიანობის დეტალურ გაწერას. თითოეულ ექიმს შეეძლება თავისი კომპეტენციების ფარგლებში უსაფრთხოდ ჩაატაროს მანიპულაცია და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამართლებრივ ჭრილში მოსამართლისთვის და გამომძიებლისთვის იყოს მეტად უფრო ცხადი, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის“, – განაცხადა ეკატერინე. 

მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას – პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

Facebook Comments

ახალი დადებული