ქვრივიშვილი: მომავალი კვირიდან ტესტირების შესაბამისად მოქალაქეები საკარანტინე სივრცეს დატოვებენ

„დღევანდელი მონაცემებით 1600-მდე ადამიანი იქნა ორგანიზებულად გადაყვანილი ,,საკარანტინო სივრცეში” – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე შიდა ტურისტული ნაკადების ზრდის მიხედვით პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.

„შესაბამისად გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე, რომ კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება ისეთ საკურორტო ზონებზე, მაგალითად, როგორიცაა შავი ზღვისპირეთი. შესაბამისად ყველა ის ადამიანი გაივლის ტესტირებას, ვინც სერვისის მიწოდების ნაწილში აქტიურად არის ჩართული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მეტად იქნება თითოეული ჩვენგანი დაცული და ეს იქნება მეტად ხელშემწყობი ფაქტორი შიდა ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მეტად გაზრდისთვის. სვანეთთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და მერიასთან ერთად მოვახდინეთ პირდაპირი კომუნიკაცია ფაქტობრივად ყველა დამსვენებელთან, ყველა მაცხოვრებელთან, რომელიც იმყოფებოდა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სვანეთში. დღევანდელი მონაცემებით 1600-მდე ადამიანი იქნა ორგანიზებულად გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მავე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირის დასაწყისიდან ტესტირების პასუხების შესაბამისად მოხდება მოქალაქეების საკარანტინო სივრციდან გამოშვება.

„მინდა ვისარგებლო აღნიშნული შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო სვანეთის მაცხოვრებლებს, ისევე როგორც დამსვენებლებს თანამშრომლობისთვის, გვესმის, რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ კომფორტული გარემო პირობები შეგვექმნა თითოეული მათგანისთვის საკარანტინე სივრცეში“, – დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილი გაიხსნება.

Facebook Comments

ახალი დადებული