ყველა იპოვის თავის არხს პულტის მეშვეობით, გამომდინარე გემოვნებიდან, აღზრდიდან თუ პოლიტიკური შეხედულებიდან

ქართული მედიასივრცე არის ძალიან დაზიანებული სივრცე, ეს არის, ძირითადად, კარნახით, წინასწარ აკვიატებული აზრით მოქმედი სივრცე, აღარაფერს ვამბობ ცალკე იაფფასიან უხამსობაზე, რაც სირცხვილია,-ამის ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც გუშინ პირველი არხის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა.

მისი თქმით, პირველ არხს ასეთი სამარცხვინო და დაბალი ხარისხის გადაცემები არ აქვს.

„ამ არხზე ძალიან გემოვნებიანი პროდუქტებია. ერთ გადაცემას ვერ დაასახელებთ, ვინც უნდა საუბრობდეს, გინდა პროფკავშირის თავმჯდომარე და გინდა მოადგილე, რომ იყოს დაბალი ხარისხის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

„აქ არის საუკეთესო ხარისხის მეგაშოუები, საუკეთესო ხარისხის მუსიკალური გადაცემები, საუკეთესო ხარისხის შემოტანილი სერიალები და არა ის სამარცხვინობა, რაც ხდება მედიაში. სამარცხვინოა ის სერიალები, რომლებიც ჩვენს მედიაში გადაიცემა, მით უმეტეს, როდესაც ორიენტაციაზე და ღირებულებებზე ვსაუბრობთ – რა ორიენტაცია და ღირებულებები შემოაქვთ იმ ტელევიზიებში, საერთოდ აღმაშფოთებელია.

როდესაც ადამიანი კითხულობს, რატომ აიღეთ კრედიტიო, აი, ამიტომ ავიღეთ, იმისთვის, რომ ეს მეგაშოუები გაკეთებულიყო, გაკეთებულიყო ფილმები. საზოგადოებრივი არხი ძალიან უწყობდა ხელს და შეუწყობს მომავალშიც ქართველ რეჟისორებს. ამ არხმა დააღწია თავი იმ ინერტულ მდგომარეობას, რომელშიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული. შიგნით ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებმა ირწმუნეს საკუთარი ძალის და გარედან, ვინც ობიექტურია, ისინი ხედავენ, რომ მაუწყებელი ძალიან წარმატებულია. თუმცა, რასაკვირველია, არიან ადამიანები და ეს მათი უფლებაა, რომ მათი გემოვნებიდან, აღზრდიდან თუ პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე მოსწონდეთ სხვადასხვა არხი. ამიტომაცაა მედია ჭრელი. ზოგს დედის გინება მოსწონს, ზოგს მამის და ზოგს კიდევ წინაპართა საფლავების, ზოგს კიდევ ჩაკრულოს მოსმენა მოსწონს. ამიტომ, უნდა იყოს უთვალავი ფერი და ყველა იპოვის თავის არხს პულტის მეშვეობით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართულ მედიაში გამორჩეულია იმით, რომ აწარმოებს გემოვნებიან პროდუქციას, ყიდულობს გემოვნებიან პროდუქციას, რომელიც ემსახურება ადამიანის აღზრდას და არ აზიანებს ფსიქიკას.

„თქვენ რომ გადახედოთ, ქართულ მედიასივრცეში დღეს ძალიან ცუდ ნაკადად შემოდის აგრესიული უხამსობა და დიდი უგემოვნობა. მარტო სერიალებს გადახედეთ, რა გადის, ძალიან მძიმეა, მაშინ როდესაც ახალგაზრდები ევროპაში უნდა შეხვიდეთ, შეხედეთ, რა ღირებულებებს ამკვიდრებენ ეს სერიალები. რითი კვებავს საზოგადოებას მედია? თქვენი მედიასაშუალებები ეკუთვნის კერძო ადამიანებს, ეს არხი კი, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას. ამ არხს სხვა ამოცანები აქვს, ეს არის მაღალ გემოვნებაზე ორიენტირებული არხი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, აღზრდიდან და გემოვნებიდან გამომდინარე. ზოგს ჭუჭყის ესთეტიკა მოსწონს, კი, ბატონო. მაგრამ ეს არხი სხვა არხია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული