ჩიქოვანის ადვოკატი: გამოძიების დრამატურგია გამაოგნებელია

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, თეიმურაზ მაისურაძის განცხადებით, მცხეთაში, არაგვის ხიდთან ჩატარებულმა პირველმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე ექსპერიმენტით დგინდება, რომ თუ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს ბრალდებულები ახლო მანძილით მისდევდნენ, ისინი მხოლოდ ახვლედიანსა და ამირხანაშვილს დაინახავდნენ.

“თუ მართლა ახლო მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი ადვილად დაინახავდა, ვინ სად დაიმალა, ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს, საით გაიქცა. დაინახავდნენ ახვლედიანს და ამირხანაშვილს. არ გაეკიდებოდნენ იმას, ვისაც ვერ ხედავდნენ. ადვილად მიაგნებდნენ როგორც ამირხანაშვილს, ისე ახვლედიანს. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ხილვადობის არქონის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. არაგვის ხიდის ქვეშ არაფერი არ ჩანს. თუ შაქარაშვილი იქ ჩავიდოდა, ის აუცილებლად დაგორდებოდა, დაუზიანდებოდა პერანგი , ხელები, თავი, რასაც არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს. შაქარაშვილი მდინარის პირას ვერ მივიდოდა. გამაოგნებელია ეს დრამატურგია გამოძიების, რომ წყალში უნდა შეხვიდე, რომ ჩანთა დადო ჯებირზე. გამოდის, რომ შაქარაშვილი წყალში შევიდა და ჯებირზე, მაღლა დადო ჩანთა?

იცოდნენ, რომ ეს არაა ამომწურავი ექსპერიმენტი, სულ მალე გვექნება სიურპრიზი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად”, – განაცხადა მაისურაძე.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს.

ინსცენირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებმაც ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

Facebook Comments

ახალი დადებული