ანტალიაში კრიმინალური ავტორიტეტი ლოტუ გული მოკლეს

კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი, მეტსახელად ლოტუ გული თურქეთის ქალაქ ანტალიაში, რესტორანში მოკლეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

აღსანიშნავია, რომ კანონიერ ქურდს მამაკაცმა ესროლა, რომელიც მასთან ერთად შევიდა რესტორანში და მის მაგიდასთან იჯდა. 

სალიფოვმა ჭრილობა თავის არეში მიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოცემების ინფორმაციით, მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ქალაქ დენიზლისკენ მიმავალ ტრასაზე დააკავეს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ასევე კრიმინალური სამყაროს წევრია მეტსახელად ხან ახმედლინსკი, ის გულის უახლოესი გარემოცვიდან იყო.

სალიფოვი 1972 წელს საქართველოში დაიბადა. 2005-2017 წლებში დაკავებული იყო აზერბაიჯანში, გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდა თურქეთში. 2018 წელს თურქეთიდან მისი დეპორტაცია მოხდა, თუმცა მალე არალეგალურად ისევ შევიდა ქვეყანაში.  ლოტუ გული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული