თაღლითები მოქალაქეებს 200-ლარიანი დახმარებისთვის, პორტალზე რეგისტრაციისთვის ფულს სთხოვენ

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, არ ენდონ თაღლითებს, რომლებიც მოქალაქეებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციისთვის ფულს სთხოვენ. 

მინისტრის მოადგილე ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას პროცესის პოლიტიზებაში ადანაშაულებს.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას. ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარაიამ განაცხადა, იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

პრემიერმინისტრის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს დარეგისტრირებაში უხმოდ და თავმდაბლად ეხმარება.

გამოვიჩინეთ ინიციატივა, საკმაოდ ჩუმად, თავმდაბლობით ვეხმარებოდით მოსახლეობას იმისათვის, რომ ტექნიკური დახმარება გაგვეწია მათთვის და დარეგისტრირებაში დავხმარებოდით. ეს პროცესი მიმდინარეობდა ჩვენს ოფისებში. საკმაოდ ბევრი ხალხი მოდიოდა შესაბამისი კონსულტაციებისა და დარეგისტრირების თხოვნით. თუმცა ამან „ქართული ოცნების“ რიგებში აღშფოთება გამოიწვია”,-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, მას შეუძლია მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა სრულიად უფასოდ მოხდება.

Facebook Comments

ახალი დადებული