პანკისში ჩაცმულობის გამო 2 ადამიანის ცემისთვის 22 წლის ისლამ ფარეულიძე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული ისლამ ფარეულიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ გელა წელაურს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ცნობისთვის, გელა წელაურსა და მის არასწრულწლოვან შვილს პანკისში იმის გამო სცემეს, რომ ქუჩაში შორტები ეცვათ.

„რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმას“, – ამბობს გელა წელაური.

მას ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც.

ეს არ არის პანკისის ხეობაში შორტებით გადაადგილების გამო ძალადობის პირველი შემთხვევა.

პანკისის სათემო რადიო

Facebook Comments

ახალი დადებული