ფერმერები, რომლებსაც ნერგები სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა, სახელმწიფოსგან ახალ ნერგებს მიიღებენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ამ ცვლილებების არსი განმარტა. მისი თქმით, ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს და ძირითადად ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს.

„დღეის მდგომარეობით ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრ ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთთ შესაბამისი გადაწყვეტილება. რომ ამ პროექტის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომლის ფარგლებში ფერმერი, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა და ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალ, ხარისხიან ნერგებს მიიღებს. ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად – რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროგრამა 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით დაიწყება.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანაცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმერების შემდგომ გაძლიერებას და მათ ეფექტურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული