შვედეთმა, სადაც კარანტინზე უარი თქვეს, სიკვდილიანობის 150-წლიანი რეკორდი მოხსნა

შვედეთში, სადაც კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებზე უარი თქვეს, 2020 წლის პირველ ნახევარწლეულში 51 405 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში სიკვდილიანობამ 150-წლიანი რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობიდან 4500 ადამიანი კორონავირუსით დაიღუპა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი სტოკჰოლმსა და დედაქალაქის ოლქშია. სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 85 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან დღემდე 5802 გარდაიცვალა. 

სტატისტიკის სახელმწიფო სამმართველოს მონაცემებით, შვედეთში ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულია ყველაზე ნაკლები ბუნებრივი მატება 2020 წლის პირველ ნახევარში. ეს გამოწვეულია მაღალი სიკვდილიანობით. გარდა ამისა, სპეციალისტებმა გამოავლინეს რომ წელს ქორწინების ყველაზე ნაკლები რაოდენობა იყო 2000 წლის შემდეგ. 

ივლისის ბოლოს შვედეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში პირიქით, გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 29 ივლისის მონაცემებით, შვედეთში 14 დღის მანძილზე ახალი შემთხვევები 54 პროცენტით არის შემცირებული. 

ცნობისთვის, განსხვავებით ევროპის სხვა ქვეყნებისგან, შვედეთმა პანდემიასთან მიმართებით, სხვა გზა აირჩია. ქვეყნაში არ შემოიღეს მკაცრი შეზღუდვები, სოციალური დისტანცია კი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. აღნიშნულმა სტრატეგიამ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია. 

Facebook Comments

ახალი დადებული