ლელა მერებაშვილი: პირველ ეტაპზე ვერ დავასაბუთე, რომ თვითდასაქმებული ვარ, თუმცა დღეს ჩამერიცხა 300 ლარი

​ერთჯერადი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მაისში გავიარე, თუმცა ვერაფრით დავადასტურე, რომ ნამდვილად თვითდასაქმებული ვიყავი. ჩემმა ნაცნობმა, რომელიც რეპეტიტორია და მცირე მეწარმის საბუთი ჰქონდა, 300 ლარი ძალიან მალე მიიღო, ჩემზე კი არაფერი ისმოდა. ამიტომ იმედი დავკარგე და დავივიწყე კიდეც, თუმცა როგორც ჩანს, მეორე ტალღაში მოვხვდი, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახარიამ გამოაცხადა. დღეს ანგარიშზე 300 ლარი დამიჯდა,-ამის შესახებ ლელა მერებაშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა.

ლელა კასპში ცხოვრობს და კვირაში 5 დღე თბილისში, ოჯახებში დადის სახლის დასალაგებლად. ის თვითდასაქმებულია, თუმცა ამის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ გააჩნია.

„სამუშაო დღეებში სამარშრუტო ტაქსით დილით თბილისში მოვდივარ, გზაში საათზე მეტი მეხარჯება. საღამოს უკან ვბრუნდები. ბედს არ ვემდური, მუშაობა არ მეზარება და ოჯახს ჩემი შრომით ვეხმარები. თუმცა დანაზოგზე არასდროს მიზრუნია, ამიტომ პანდემიას სრულიად მოუმზადებელი შევხვდი და ცოტა პანიკამაც შემიპყრო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაჩერებამ უმუშევარი დამტოვა. მაისში, როგორც კი გამოცხადდა თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი კომპენსაციის შესახებ, შევავსე ანკეტა, სადაც მხოლოდ ბანკის ამონაწერი მივუთითე, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური პირი პერიოდულად რიცხავდა თანხას ჩემს ანგარიშზე. (ერთ-ერთი ოჯახი ხელფასს ზოგჯერ ბანკში მირიცხავს ). როგორც ჩანს, ვერ დავაკმაყოფილე მოთხოვნა, მივმართე ცხელ ხაზს, სადაც მითხრეს, რომ  ჩემი საბუთები განხილვაში იყო. სიმართლე გითხრათ, საერთოდ აღარ მქონდა იმედი. ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, მე ისევ ვმუშაობ, ამიტომ დავივიწყე კიდეც“,-ამბობს ლელა მერებაშვილი.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის გამოსვლას მოუსმინა, სადაც გახარიამ განაცხადა, რომ დახმარებას ისინიც მიიღებდნენ, ვინც რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ ვერ დაასაბუთა.

„სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ძალიან მადლობელი ვარ“,-ამბობს ლელა მერებაშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული